რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან აქციის მონაწილეებმა პაატა ბურჭულაძესთან ერთად ფიცი დადეს.
„დღეს, 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე, სადაც 36 წლის წინ ჩვენი, შენი გმირები ლოცვით და სიმღერით იბრძოდნენ საბჭოთა ჯარების პირისპირ საქართველოს თავისუფლებისათვის, მათი წამებული სულების წინაშე, რომლებიც დაგვცქერიან დღეს ჩვენ, ვფიცავთ, დავიცავთ მათ მონაპოვარს – საქართველოს დამოუკიდებლობას, დავიცავთ თითოეულ მებრძოლს, „სინდისის პატიმრებს“. არ მივატოვებთ სიმართლისთვის დევნილებს. სიტყვით და საქმით, სიყვარულით ხელს გავუწვდით მათ და მათ ოჯახებს. მხარში ამოვუდგებით ერთმანეთს. ვიბრძოლებთ ბოლომდე ამ ქვეყნისა და ხალხის თავისუფლებისთვის. დაე, ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ დიდ ბრძოლაში“, – აღნიშნულია ფიცის ტექსტში, რომელიც პაატა ბურჭულაძემ წაიკითხა.
რუსთაველის გამზირზე ფიცის დადების დროს ოპოზიციის ლიდერებიც იმყოფებოდნენ.
ფიცის დადებამდე 9 აპრილის მემორიალთან პარაკლისი აღევლინა, შემდეგ კი აქციაზე შეკრებილებმა ერთად ილოცეს.
ამასთან, როგორც მანამდე პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რუსთაველის გამზირზე შეკრებილები დილით, 12:30 საათზე ზვიად გამსახურდიას მიმართვას მოისმენენ და შემდეგ მეორედ დადებენ ფიცს.