აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ

მოძრაობების, „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, გმირთა მემორიალთან მათ დადეს ფიცი, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ. მათი თქმით, არასოდეს დაუშვებენ ისეთი კანონის მიღებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.

„არასოდეს დავთმობთ მოქალაქის თავისუფლებას, არასოდეს შევურიგდებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის დათმობას ცდილობს. ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ, დავიცავთ საქართველოს სახელმწიფობრიობას, ჩვენს მამულსა და ერთიანობას. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან საქართველოს!“ – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა ფიცის დადებისას.

აქციის მონაწილეები გმირთა მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც, მათი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტს გააგრძელებენ.

აქციის მონაწილეები დღეს თავდაპირველად პარლამენტთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით მსვლელობით იუსტიციის სახლისკენ გაემართნენ. შემდეგ კი გმირთა მოედანზე მივიდნენ, სადაც ფიცი დადეს.

თბილისში, რამდენიმე დღეა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები ითხოვენ მთავრობის შეცვლასაც.