აქციის მონაწილეები შსს-ს შენობისკენ ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ [ფოტო]
აქციის მონაწილეები შსს-ს შენობისკენ ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ [ფოტო]

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან ორთაჭალაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისკენ ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათი მოთხოვნებია, გადადგეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და გათავისუფლდნენ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციაზე დაკავებული პირები.

ამასთან, რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებმა სასტუმრო „რედისონთან“ თბილისის მერ კახი კალაძეს ხმაურით შეხვდნენ. კახა კალაძის თქმით, აქციის მონაწილეებს არავინ ზღუდავს და ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს მოსაზრებები სხვადასხვა ფორმითა და გზით.

„აქციები არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მთავარია, იყოს მშვიდობიანი და კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება აქცია-მსვლელობას, როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სერგო გალსტიანმა განმარტა, მოთხოვნებს შორისაა იმ მოსამართლეების წასვლაც, ვინც მისი თქმით, ხელი შეუწყო ნაცემი აქციის მონაწილეების უკანონო დაპატიმრებას.

„ყველა ადამიანი, რომელიც დააკავეს აქციისას, დღესვე უნდა გათავისუფლდეს. ისინი ქვეყნის სხვადასხვა იზოლატორში არიან გადანაწილებული. ჩვენ აქ ვიკრიბებით, რომ სიგნალებითა და საყვირებით მივაკითხოთ შსს-ს. მთავარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, საღამოს 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია კვლავ გაგრძელდება იგივე ფორმატით, უფრო მეტი საინტერესო და არასასიამოვნო სიურპრიზებით“, – განაცხადა გალდტიანმა.