აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან

აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებიან.

აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნებია აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

მსვლელობას შეუერთდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, აქციაზე დღეს იმყოფებიან საკრებულოების მოქმედი წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელთა მკაფიო პოზიციაა, რომ არ აპირებენ 4 ოქტომბრის „სპეცოპერაციაში“ მონაწილეობას.

„აქ ჩვენი პარტიის მხრიდან აბსოლუტური უმრავლესობა არიან საკრებულოს წევრები, მოქმედი საკრებულოს დეპუტატები, რომლებსაც აქვთ ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი, რომ რუსულ სპეცოპერაციაში შესვლა 4 ოქტომბერს არის დაუშვებელი. იქ მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს, ამიტომ მათ აქვთ ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება ამ პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა და ასეთი შეცდომის დაშვება“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ამასთან, ცისკარიშვილი ნეგატიურად აფასებს იმ ფაქტს, რომ „ლელომ“ და პარტიამ „გახარია – საქართველოსთვის“ გადაწყვიტეს არჩევნებში მონაწილეობა.

„ჩვენ პოლიტიკოსები ვართ და ამ ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი სამართლიანი არჩევნები როცა ჩატარდება კონკურენტულ გარემოში, პოლიტპატიმრების გარეშე, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. სხვათა შორის, 5 ნომერიც სწორედ ამ მიზნით შევინარჩუნეთ, რადგან ჩვენი პოლიტიკური იდენტობის, ბრენდის ნაწილია. 5-იანით ვიასპარეზებთ შემდგომ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, მაგრამ 4 ოქტომბერს რაც ტარდება, ამას არჩევნებს ვერ ვუწოდებთ, ეს არის სპეცოპერაცია და ძალიან ცუდს შვრებიან, თუ ამ სპეცოპერაციაში აპირებენ შეჰყვნენ ბიძინა ივანიშვილს და მიიღონ მონაწილეობა“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.