აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ

რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ. ადგილზე რჩებიან პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც.

სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეებს ​9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩების მხრიდან პარლამენტის შესასვლელები დაატოვებინა. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან გზა სპეცრაზმს ავტობუსით აქვს გადაკეტილი. სპეცრაზმი იმყოფება პირველი სკოლის მხარესაც.

აქციის მონაწილეები და ლიდერები რუსთაველის გამზირის მხარეს, პარლამენტის შენობის წინ რჩებიან.

სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მხრიდან დაახლოებით დილის 05:00 საათზე გამოჩნდა. მათ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელები დაატოვებინეს. გამოყენებული იყო წყლის ჭავლიც.

საქართველოს პარლამენტში დღეს ბიუროსა და პლენარული სხდომებია ჩანიშნული.

რუსთაველის გამზირზე მეეზოვეებმა გზის დასუფთავება დაიწყეს. აღდგა საავტომობილო მოძრაობაც.