აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი - ჩვენი მოთხოვნაა, 19:00 საათამდე სცენა და ჯებირები პარლამენტთან დაბრუნდეს
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი - ჩვენი მოთხოვნაა, 19:00 საათამდე სცენა და ჯებირები პარლამენტთან დაბრუნდეს

ჩვენი მოთხოვნაა, 19:00 საათამდე დაბრუნდეს სცენა და ჯებირები, – ამის შესახებ პარლამენტთან აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თამაზ ახობაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აქციის ინვენტარს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები საკუთარი ნებით არ წაიღებდნენ და როგორც აქობაძე ამბობს, ეს იყო დავალება.

„მივმართავ თბილისის მერს – მან ერთხელ უკვე შეირცხვინა თავი, როცა გვითხრა, ერთი დღის წინ მომხდარი მოვლენა რომ გაგვეპროტესტებინა, ამისთვის ხუთი დღით ადრე უნდა გვეთხოვა უფლება. ახლა კი მოიპარეს ჯებირები და სცენა. დღეს, 19:00 საათზე არის დაანონსებული აქცია. მის შესახებ ყველამ იცის.

ჩვენი მოთხოვნაა, დაბრუნდეს 19:00 საათამდე ყველაფერი. ვერ მოხდება ამის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის გადაბრალება. ასეთი რაღაცები დაბალი რანგის საჯარო მოხელეების მიერ არ კეთდება, ეს არის დავალება“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

„თბილსერვის ჯგუფმა“ აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, პარლამენტის წინ არსებული კონსტრუქციები დასუფთავების დროს დროებით დასაწყობდა და უკვე უბრუნდება ადგილს, გახმოვანების აპარატურა კი ჯგუფს ადგილზე არ დახვედრია.