აქციებზე დაკავებულები წერილს ავრცელებენ - მიუღებელია კონკრეტული პოლიტიკოსების გამოსახულებების გამოყენება პროტესტზე, მოვითხოვთ, ოპოზიციამ მკაფიო უარი განაცხადოს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე
საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები საპატიმროდან წერილს ავრცელებენ.
წერილს ხელს აწერს 17 დაკავებული, რომლებიც აქციების მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნით მიმართავენ.
„ჩვენო თანამებრძოლებო, მოგესალმებით ციხიდან და მოგმართავთ ამ ერთობლივი წერილით.
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, არის ისტორიული და მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი პროტესტისთვისაც. მოვუწოდებთ ყველას, დაუჭიროთ მხარი „ერთობას“ და თავადაც გახდეთ ზეპარტიული ეროვნული ერთობის ნაწილი, რომლის უმთავრესი მიზანია საქართველოს გადარჩენა, სუვერენიტეტი და ევროპული მომავალი.
მოვმართავთ სტუდენტებს, საჯარო მოხელეებს, სამხედროებს, მოქალაქეებს:
დაიცავით პროტესტი, ბოიკოტის რეჟიმში არ შეეგუოთ ავტორიტარიზმს.
ეს არის ჰიბრიდული ომი და თითოეული თქვენგანი არის ჯარისკაცი.
ნუ შეუშინდებით ჯარიმებსა და პატიმრობას – შიში არ უნდა იყოს გადაწყვეტილების წყარო.
ეს ბრძოლა სამშობლოს გადარჩენისთვისაა.
ჩვენი, როგორც საქართველოს შვილების, ვალია თავგანწირული წინააღმდეგობა!
ასევე, ვაცხადებთ:
– მიუღებელია კონკრეტული პოლიტიკოსების გამოსახულებების გამოყენება პროტესტზე.
– ეს აღიქმება, როგორც წინა რეჟიმის ლეგიტიმაცია და პროტესტის დისკრედიტაცია.
– მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავოს დისონანსის გამომწვევი ბანერებისგან.
– ასევე, მოვითხოვთ, ოპოზიციამ მკაფიო უარი განაცხადოს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.
წერილის ხელმოწერილი დედანი სუს-მა ჩამოგვართვა, ამიტომ ხელს ვაწერთ ამ სივრცეში ისინი, ვისაც ერთმანეთთან კომუნიკაცია მოვახერხეთ. სხვა პატიმრებს შეუძლიათ, შემოგვიერთდნენ სიტყვიერი თანხმობით“, – ნათქვამია წერილში, რომლის ხელმომწერები არიან: ზ. ცეცხლაძე, გ. მირცხულავა, ვ. თეთრაშვილი, ს. ჯიქია, ვ. კასრაძე, ვ. კაძელაშვილი, ი. ალიევი, თ. გოშაძე, ი. მიმინოშვილი, გ. გორგაძე, ნ. ჯავახიშვილი, ო. ცხადაძე, რ. კიკნაძე, ი. ქერაშვილი, გ. ტერიშვილი, ჯ. არჩაია, ლ. ჯაბუა.