აპრილში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 185 ლარი შეადგინა  
აპრილში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 185 ლარი შეადგინა  

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის აპრილში, გასულ თვეებთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.

აპრილში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 185.0 ლარი შეადგინა. მარტში ეს მაჩვენებელი 181.2 ლარი იყო.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, მარტთან შედარებით, აპრილში 3 ლარითა და 40 თეთრით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 163.9 ლარს შეადგენს.

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი, აპრილში 310.4 ლარზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმს სულადობის მიხედვით, ერთსულიან ოჯახზე თანხა 163.9 ლარით განისაზღვრა, ორსულიანზე  – 262.2 ლარით, სამსულიანზე  – 295 ლარით, ოთხსულიანზე  – 327.8 ლარით, ხუთსულიანზე  – 368.8 ლარით, ექვსსულიანზე და მეტზე – 436 ლარით.

აპრილში გასულ თვეებთან შედარებით, საარსებო მინიმუმი ყველა მიმართულებით გაიზარდა. მაგალითად, მარტში ოთხსულიანი ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი 321 ლარზე იყო განსაზღვრული.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. თავის მხრივ, მინიმალური სასურსათო კალათა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან ესენია – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.