აპრილში საქართველოს კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადესი ეწვევა
აპრილში საქართველოს კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადესი ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუნხენში კვიპროსელ კოლეგას, ნიკოს ქრისტოდიულიდეს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს კვიპროსსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ამ მხრივ, დადებითად შეაფასეს კვიპროსის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის აპრილში ეწვიოს საქართველოს.

მინისტრებმა ვიზიტის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს და აღნიშნეს, რომ მაღალი დონის ვიზიტი ახალ მნიშვნელოვან ბიძგს შესძენს საქართველო-კვიპროსის ურთიერთობას.

„ორი ქვეყნის მეგობრობის გამოხატულებად შეფასდა კვიპროსის მხარის გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქოსთვის მიწის გამოყოფის შესახებ. დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. ამ მხრივ დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კვიპროსს საქართველოს გამოხატული მხარდაჭერისათვის“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვიპროსისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.