აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 42.3 პროცენტით შემცირდა
აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 42.3 პროცენტით შემცირდა

2020 წლის აპრილში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 79.1 მლნ აშშ დოლარი (250.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.3 პროცენტით, 58.0 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2019 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

საქართველოს ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.6 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

გზავნილების კუთხით იტალია ლიდერობს. ამ ქვეყნიდან აპრილში საქართველოში გზავნილის სახით 13.36 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, ეს მაჩვენებელი წლის წლის აპრილთან შედარებით 27.54 პროცენტით ნაკლებია;  მეორე ადგილზეა რუსეთი – 13.12 მლნ აშშ დოლარით, 61.81 პროცენტით ნაკლები. შემდეგ მოდის საბერძნეთი – 10.15 მლნ აშშ დოლარით, აშშ – 9.74 მლნ აშშ დოლარით, ისრაელი – 6.87 აშშ დოლარით და თურქეთი – 5.33 მლნ აშშ დოლარით.

ამასთან, 2020 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 10.0 მლნ აშშ დოლარი (31.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის აპრილის (19.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 47.7 პროცენტით ნაკლებია.