Apple store ქართულად - კომპანიამ სამი ახალი iphone წარადგინა
Apple store ქართულად - კომპანიამ სამი ახალი iphone წარადგინა

28 სექტემბრიდან Apple-ის ოპერაციული სისტემის განახლება იგეგმება და შესაძლოა, app store-ის ქართული ვერსიაც გახდეს ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ ცნობილი გახდა კომპანიის ახალი პროდუქტების პრეზენტაციაზე, სადაც Apple-მა სამი სმარტფონი – iPhone XS, iPhone XS Max და iPhone XR, წარადგინა.

სტივ ჯობსის თეატრში შეკრებილი საზოგადოება და მილიონობით ადამიანი, ინტერნეტის საშუალებით თვალს ადევნებდა ბრენდის ახალი პროდუქტების Live პრეზენტაციას.

პრეზენტაცია თავდაპირველად Apple Watch-ით დაიწყო, სადაც ხაზი გაესვა ახალი თაობის საათის სამ ძირითად მახასიათებელს: ახალი მოდელი უფრო თხელი და სწრაფია, ამავდროულად, გაძლიერდა საათის დინამიკების სიმძლავრე.

კომპანიამ ახალ iphone-ებში ძირითადად კამერისა და ბატარეის ხარისხი დახვეწა და ტელეფონში ჩამონტაჟებულ ობიექტივს ხელოვნური ინტელექტი დაუმატა, შედეგად იდეალური გამოსახულება მიიღო. ბატარეის გამძლეობა კი 90 წუთით გაზარდა.

წინა პრეზენტაციაზე Apple-მა IOS 11 წარადგინა, სადაც ცნობილი გახდა, რომ პროგრამას ქართული კლავიატურა დაემატა. ასე რომ, Apple საკუთარი პროდუქტების გადმოქართულებას განაგრძობს.