პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძეზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა შკუბულიანმა დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა, რომელმაც ქოქოლაძისთვის წარდგენილ ბრალდების შეწყვეტით მიმართა.
2011 წელს ბიზნესმენისთვის წარდგენილი ბრალდებით მას გამოძიება თაღლითობას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავებოდა.
სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პროკურორმა განაცხადა, რომ გამოკვლეული მასალებით დადგინდა, გამამტყუნებელი განაჩენისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ იყო და საქმის მასალები ვერ სცდებოდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. პროკურორის განცხადებით, გამამტყუნებელი განაჩენისთვის აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებები.
პროკურატურის ამ შუამდგომლობას და მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას სხდომათა დარბაზში ქოქოლაძის ახლობლების მხრიდან ტაში მოყვა.