ანზორ ქოქოლაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბიზნესის კეთება საშიში იყო, დღეს ბიზნესი მთლიანად თავისუფალია
ანზორ ქოქოლაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბიზნესის კეთება საშიში იყო, დღეს ბიზნესი მთლიანად თავისუფალია

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ბიზნესის კეთება საშიში იყო, – ამის შესახებ „ელიტ ელექტრონიქსის“დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ანზორ ქოქოლაძემ განაცხადა.

„შედარებაც კი მერიდება იმისა, როგორი იყო ბიზნესგარემო წინა ხელისუფლების დროს და როგორია მიმდინარე ხელისუფლების პირობებში. 2004–2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესის კეთება იყო საშიში. ციხეში ვიყავი ორი წელი, იქ კრიმინალებზე მეტი ბიზნესმენები იყვნენ. ათი ათასობით ბიზნესმენი იჯდა ციხეში, შეგვეძლო ბიზნესფორუმი ციხეში ჩაგვეტარებინა. ბიზნესმენების 90 % ამაში დამეთანხმება. რაც პოზიტიური იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ეკონომიკასთან და ბიზნესთან დაკავშირებით, შეიძლება, ეს ვაღიაროთ, თუმცა ავიღოთ მარტივი მაგალითი: ავაშენოთ სახლი, ჩავატაროთ ძალიან კარგი რემონტი, შიდა ინტერიერიც ძალიან კარგად მოვაწყოთ, მაგრამ გამოვთხაროთ ძირი, თუ ძირს გამოვუთხრით, არანაირი აზრი არ ექნება შიგნით რა სურათი იქნება დაკიდებული, ან კედლები რა ფერის იქნება. დაახლოებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ბიზნესგარემო, შეიძლება ამას შევადაროთ”, – განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს აბსოლუტურად დაუცველი იყო კერძო საკუთრება.

„თუ კერძო საკუთრებას საფუძველს გამოაცლი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შენობაში როგორი სურათი გექნება, როგორი ფერის იქნება კედლები და ა.შ. „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ დაახლოებით ეს გააკეთა. საფუძველი გამოაცალა ეკონომიკას, სახელმწიფოს საერთოდ. ჩემი კომპანია „ტექნო ბუმის“ შემთხვევაში, იცით, როცა „ელიტ ელექტრონიქსი“ წაგვართვეს, მოხდა მარტივად, ერთვებოდა მთლიანი სახელმწიფო სისტემა, ვერტიკალი პირველი პირიდან დაწყებული დამთავრებული მთელი სახელმწიფო სტრუქტურებით. პროკურატურა, ფინანსური პოლიცია, საგადასახადო სამსახური, მერიაც კი, ასევე კერძო სტრუქტურები. მთელი სისტემა იყო მოწყობილი, როგორ შეიძლებოდა ამოეღოთ ბიზნესიდან მეტი რესურსი”, – განაცხადა ქოქოლაძემ.

მისივე თქმით, დღეს ბიზნესი მთლიანად თავისუფალია.

„ხშირი ურთიერთობა მაქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ბიზნესმენებთან, აზერბაიჯანში, შუა აზიის ქვეყნებში, თურქეთში, რუსეთში, უკრაინაში და ა.შ. ვფიქრობ, ამ რეგიონის ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი გარემო გვაქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პრობლემები არ გვაქვს. პრობლემები საკმაოდ ბევრია, არის თემები, რომელზეც შიძლება გავაკრიტიკოთ ეს ხელისუფლებაც. დღეს ფუნდამეტური პრობლემა, რაც შეიძლება მნიშვნელოვნად დავასახელოთ, ეს არის სამათალწარმოების პროცესში არსებული პრობლემები, დაწყებული პროკურატურიდან, დამთავრებული სასამართლომდე. დღეს გვაქვს შეცდომებზე ლაპარაკი, იქ დანაშაულებზე გვქონდა საუბარი”, – განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.