ანზორ ნებიერიძე - ზესტაფონის მოსახლეობა უიმედოდაა, მათ აღარანაირი დაპირების აღარ სჯერათ
ანზორ ნებიერიძე - ზესტაფონის მოსახლეობა უიმედოდაა, მათ აღარანაირი დაპირების აღარ სჯერათ

ზესტაფონის მოსახლეობა უიმედოდაა, მათ აღარანაირი დაპირების აღარ სჯერათ და პოლიტიკური პარტიები საერთოდ არ აინტერესებთ, – ამის შესახებ ზესტაფონის მერობის კანდიდატმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“, ანზორ ნებიერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც მერობის კანდიდატების დებატები გაიმართა.

„მიდიხარ და გეუბნებიან, აღარ გვაინტერესებსო. ეს ზუსტად იმ უმოქმედობის შედეგია, რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა და პირველ რიგში, ეს უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა ნებიერიძემ.

მისი თქმით, აუცილებელია, პროცესებში ქალაქის, თუ სოფლის მოსახლეობა მაქსიმალურად ჩაერთოს და მისი პრიორიტეტი სწორედ ეს იქნება.

„თვითონ მოსახლეობა უნდა წყვეტდეს პრიორიტეტებს, რა საკითხებია მოსაგვარებელი და ა.შ. სოფლებში ამხანაგობების შექმნა უნდა მოხდეს და სოფელი უნდა წყვეტდეს, რა მიიჩნიოს პრიორიტეტად, გზა იქნება ეს, წყალი, თუ სხვა რამ. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, დაიწყება ხალხის მაქსიმალური ჩართულობა“, – განაცხადა ნებიერიძემ.

როგორც ნებიერიძემ აღნიშნა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ბევრი პრობლემაა, მაგრამ ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა წყალმომარაგებაა, რადგან ქალაქს, თუ სოფლებს წყალი გრაფიკით მიეწოდება, ზოგიერთ სოფლებს კი წყალი საერთოდ არ აქვთ.

მისივე თქმით, ტენდერებში ძალიან დიდი ნეპოტიზმის ნიშნებია, რადგან მუდმივად ერთი და იგივე კომპანიები იმარჯვებენ და სხვა კომპანიებს საშუალება არ აქვთ, ტენდერებში მონაწილეობა მიიღონ. 

„ეს მხოლოდ და მხოლოდ შეთანხმებით იყო. ამიტომ, სხვადასხვა კომპანიებს საშუალება უნდა მივცეთ, მონაწილეობა მიიღონ და ღირსეული გამოვავლინოთ. ამაშიც ხალხის მაქსიმალური ჩართულობა უნდა მოხდეს“, – განაცხადა ნებიერიძემ.

ანზორ ნებიერიძემ ამომრჩეველს მიმართა, რომ მხარი მას დაუჭირონ, რათა „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს, რადგან მისი თქმით, „ეს ორი ურთიერთგარიგებული პარტია მუდმივად ცდილობს, ხალხი ერთმანეთთან დააპირისპიროს, გადაამტეროს და საქმეზე არც ერთი არ ლაპარაკობს.”

„ამ პარტიებიდან მუდმივად არის წამოძახება ცხრა წელზე და შვიდ წელზე. ამიტომ უნდა ვუთხრათ ორივე პარტიას უარი და მხარი ჩვენ დაგვიჭიროთ. ჩვენ დავიწყებთ თქვენთან ერთად მუშაობას. ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობას და ჩვენ ვიქნებით ის ხიდი, რომელიც ჩატეხილია მთავრობასა და მოსახლეობას შორის; ამას დავიწყებთ სწორედ ზესტაფონიდან და აღვადგენთ ამ ხიდს. გავერთიანდებით და ერთად გადავწყვეტთ ყველა საქმეს; ჩავერთვებით მაქსიმალურად; ხალხის აზრი იქნება გასათვალიწინებელი“, – განაცხადა ნებიერიძემ.