ანზორ მელია - ხალხნო, გამოფხიზლდით, რა დროს არჩევნებია, რა დროს ტრაურია, როცა მესამე პრეზიდენტი გვეღუპება
ანზორ მელია - ხალხნო, გამოფხიზლდით, რა დროს არჩევნებია, რა დროს ტრაურია, როცა მესამე პრეზიდენტი გვეღუპება

ხალხნო, გამოფხიზლდით, რა დროს არჩევნებია, რა დროს ტრაურია, როცა გვეღუპება მესამე პრეზიდენტი, – ამის შესახებ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„შემაშფოთებელი ინფორმაცია მივიღეთ ბატონი ყიფშიძისგან. განგაშის ზარებს უნდა ჩამოვკრავდეთ ახლა, აქ ერთი წუთი მოთმინებაც არ შეიძლება, რადგან ეს დაავადებები, ფონური დაავადებაა, მაგრამ შიმშილობის მე-8 თუ მე-9 დღეა და აციდოზი უკვე განვითარებულია ორგანიზმში. აციდოზს უნდა კონტროლი ორჯერ მაინც, დილას და საღამოს, გადასხმები სოდიანი ხსნარის და ყველაფერი. მაგრამ არც ყიფშიძის და არც მელიას დონეზე ეს არ უნდა გადაწყდეს. აქ უნდა შედგეს კონსილიუმი. აქ ყველა ექიმი, ყველა ადამიანი უნდა გავერთიანდეთ, რომ კაცი ვიხსნათ სიკვდილისგან. მივმართავ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს, ქალბატონ ეკატერინეს, რომელიც ძალიან კარგი მენეჯერია, რომ სასწრაფოდ გააკეთოს ორგანიზება, რათა დღესვე შედგეს კონსილიუმი და საქართველოს მესამე პრეზიდენტს დაენიშნოს მკურნალობა, თორემ ხვალ, ზეგ უკვე გვიანი იქნება“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

მისივე თქმით, დრო არ ითმენს და საჭიროა, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში სხვადასხვა მიმართულების ექიმების ჩაერთონ.

„ბატონი ნიკოლოზი კარგი ექიმია, კარდიოლოგია, მაგრამ აქ ზოგადი პროფილის ექიმებია საჭირო, აქ აუცილებლად მოსაწვევი არის მაღალკვალიფიციური ჰემატოლოგი, ნეფროლოგი, რეანიმატოლოგი, თორემ მალე დასჭირდება სასუნთქ აპარატზე გადაყვანა და არავის ეპატიება ბატონი მიშას ზოგადი მდგომარეობის გართულება. ხალხნო, გამოფხიზლდით, რა დროს არჩევნებია, რა დროს ტრაურია, როცა გვეღუპება მესამე პრეზიდენტი, რა დროს ეს არის“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ინფორმაცია გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა.