ანზორ მელია - ბოლო ცხრა წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ქართველია გასული ემიგრანტად, „სკაიპით“ რომ შეიძლებოდეს ბავშვების გაზრდა, მაშინ „სკაიპითაც“ შეიძლებოდა ბავშვების გაკეთება, ღირსეულად უნდა დავაბრუნოთ ეს ხალხი
ანზორ მელია - ბოლო ცხრა წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ქართველია გასული ემიგრანტად, „სკაიპით“ რომ შეიძლებოდეს ბავშვების გაზრდა, მაშინ „სკაიპითაც“ შეიძლებოდა ბავშვების გაკეთება, ღირსეულად უნდა დავაბრუნოთ ეს ხალხი

ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ერთ მილიონზე მეტი ქართველია გასული ემიგრანტად. ბავშვები იზრდებიან დედების გარეშე, დედის სითბოს გარეშე, დედის სუნის გარეშე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ ზუგდიდში ოპოზიციის აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების საკითხზე ისაუბრა.

„სკაიპით“ რომ შეიძლებოდეს ბავშვების გაზრდა, მაშინ „სკაიპითაც“ შეიძლებოდა ბავშვების გაკეთება. ჩვენ ღირსეულად უნდა დავაბრუნოთ ეს ხალხი საქართველოში, მაგრამ შევუქმნათ პირობები. ბავშვებს 14 წლამდე, სკოლაში 14 ათასამდე ბავშვს უფასო კვება უნდა ჰქონდეს. პენსიონერებს უნდა გავუზარდოთ პენსია და რაც მთავარია, გაზრდასთან ერთად ჩავუსახოთ ხვალინდელი ბედნიერი დღის იმედი“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს 30 ოქტომბერს აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ხმა მომეცით. 30-ში მოდით. ნუ შეგეშინდებათ ამათი. ზეწოლას უარი. ერთად დავდგეთ, ჩემი გუნდი თქვენს ხმებს სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე დაიცავს. მინდა, საქართველო გამარჯვებული და გაბრწყინებული ვნახო. ვიქნები ყველა თქვენგანის მეგობარი მერი. ჩემი ტელეფონი, როგორც ექიმ ანზორ მელიას ტელეფონი, მუდმივად ჩართულია, ისე იქნება, მერის ტელეფონიც ჩართული“, – განაცხადა ანზორ მელიამ.