ანზორ ერქომაიშვილის მოგონებები ქართულ ფეხბურთზე - ჩვენ ყველგან ვიყავით საქართველო და გამარჯვებები საბჭოური წყობის ქართული მოძახილი იყო #1TVSPORT
ანზორ ერქომაიშვილის მოგონებები ქართულ ფეხბურთზე - ჩვენ ყველგან ვიყავით საქართველო და გამარჯვებები საბჭოური წყობის ქართული მოძახილი იყო #1TVSPORT

მაესტრო ანზორ ერქომაიშვილი ქართული ფეხბურთის და ზოგადად ქართული სპორტის უდიდესი ქომაგი იყო. მას ნოდარ ახალკაცთან განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა. სპორტულ თოქ-შოუ „ესტაფეტაში“ გაჟღერებული ეს მოგონებები უკვე საქართველოს რადიოს ოქროს ფონდის კუთვნილებაა…

 

„1981 წელი. 13 მაისის მატჩი უკვე მოგებულია და ესპანეთში გვაქვს გასტროლები. კონცერტზე სპორტული ჟურნალისტები მოვიდნენ. გავისაუბრეთ, შემდეგ კი ჩვენთან სასტუმროში დავპატიჟეთ და თითო ჭიქა ღვინო დავლიეთ. საუბრისას გაირკვა, რომ ნანახი ჰქონდათ თბილისის „დინამოს“ ნახევარფინალური და ფინალური მატჩები – ამბობს ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ანზორ ერქომაიშვილი და დასძენს, რომ სწორედ ამ ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ ანსამბლ „რუსთავის“ წევრებმა პირველებმა შეიტყვეს ლეგენდარული არგენტინელი მწვრთნელის სესარ ლუის მენოტის მოსაზრება -„თბილისის „დინამო“ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, დავით ყიფიანი და ვლადიმერ გუცაევი მსოფლიო დონის ვარსკვლავები, რაც შეეხება ამ გუნდის მთავარ მწვრთნელს ის უდიდესი ტაქტიკოსია, რომელიც ნებისმიერ კლუბს გამარჯვებამდე მიიყვანს“.

რაც დრო გავა ნოდარ ახლაკაცის სახელი უფრო და უფრო დაფასდება. ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო ნოდართან ერთად გატარებული წლები და მეამაყება, რომ მისი მეგობარი ვიყავი. ის თავის თავზე არასდროს საუბრობდა. იყო საოცარი ტაქტიკოსი და სწორედ ამ ტაქტიკური გათვლებით იყო იმ მწვრთნელთა შორის, რომლებსაც წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარი მოგებული ჰქონდათ.

როდესაც „დინამომ“ „ვესტ ჰემს“ 4:1 აჯობა, აღფრთოვანებულები ვიყავით. ამ გამარჯვებას ინგლისურ პრესაშიც ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა და როდესაც თბილისში დაბრუნდნენ დურმიშხან ცინცაძემ მითხრა – წავიდეთ ბაზაზე და ნოდარი ვნახოთო. მის კაბინეტში მატჩის შესახებ ემოციურად ვსაუბრობდით, ეს როგორ მოხდა და ის როგორ იყოო, გაიცინა და გვითხრა – არაფერიც არ მოხდა, რამდენიც დავარტყით იმდენი გავიტანეთო.

მას უნდოდა, მისი ფეხბურთელები დიდი პატრიოტები ყოფილიყვნენ… იმ პერიოდში ჩამომქონდა ბევრი ჩანაწერი უცხოეთიდან, რომლებიც სხვადასხვა არქივებში აღვადგინეთ, მოვიპოვეთ და ამ ისტორიებს ნდინამოელებთან შეხვედრებისას ხშირად ვყვებოდი ხოლმე.

რამდენჯერმე ვანო სარაჯიშვილი მოვასმენინე… დიდებული დედას ლევანა… ეს ძალიან დამღლელი ვარჯიშების შემდეგ იყო, მაგრამ ისეთი ანთებული თვალებით მიყურებდნენ, რომ ამაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის არაფერი იყო. ბატონი ნოდარი ამ დროს თავისთვის კუთხეში იჯდა და მის თვალებზე ცრემლი კიაფობდა.

არასდროს დამავიწყდება 13 მაისის ღამე – ასეთი გაბრწყინებული საქართველო არ მინახავს. ყველას ერთმანეთი უყვარდა… თამაშის დასრულების შემდეგ გამოვედით ქუჩაში, „ვოლგით“ მივუყვებოდით გზას და თურმე, ჩვენს მანქანაზე დაახლოებით 10 კაცი იყო შემომჯდარი, ასე მივდიოდით რუსთაველზე.

რაღაცით ძალიან ჰგავს ჩემს ანსამბლს ის გუნდი, რომლის სახელი თბილისის „დინამოა“.

ისიც გუნდია და ესეც. კონცერტის შემდეგ გამარჯვებული, რომ გამოდიხარ და ოვაციით გხვდება სამყარო, ეს სიცოცხლეა და სწორედ ასეთ ოვაციებს იმსახურებდა თბილისის „დინამო“ და ანსამბლი „რუსთავი“ ყველგან და ყოველთვის.

ჩვენ ყველგან ვიყავით საქართველო და ეს ჩვენი გამარჯვებები იმ საბჭოური წყობის ქართული მოძახილი იყო.“