ანზორ ჩუბინიძე - უნდა დავემსგავსოთ ევროპულ ქვეყანას, სადაც გარკვეული დროის შემდეგ, ყოფილი თანამდებობის პირებს დაცვა ეხსნებათ
ანზორ ჩუბინიძე - უნდა დავემსგავსოთ ევროპულ ქვეყანას, სადაც გარკვეული დროის შემდეგ, ყოფილი თანამდებობის პირებს დაცვა ეხსნებათ

საფუძველი არის, რომ ევროპულ, ცივილურ ქვეყანას დავემსგავსოთ, სადაც გარკვეული დროისა და ანალიზის შემდეგ, ყოფილი თანამდებობის პირებს დაცვა ეხსნებათ – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ განუცხადა, რომელიც “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის პოზიციას გამოეხმაურა.

ჩუბინიძის განმარტებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს, რომ სამივე დასაცავ პირს – პრემიერს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დაცვა გაუგრძელდეთ ერთი წელიწადი, თუმცა შემდეგ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაძლებელი იქნება დაცვის გაგრძელება.

„დრო გვექნება, რომ დაკვირვება მოვახდინოთ. მაშინ, როცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აღარ იმოქმედებს, ოპერატიული სამსახური იმუშავებს, რომელიც დასაცავი პირის გარშემო ინფორმაციას შეკრებს. თუ მიღებული ინფორმაცია საფუძვლიანი იქნება, უფლებას დავიტოვებთ, რომ მყისიერი რეაგირება მოვახდინოთ და დაცვითი ღონისძიებები განვახორციელოთ, თუმცა პირველივე შესაძლებლობისთანავე მივმართავთ მთავრობას, რომ ამის კანონიერი საფუძველი მოგვეცეს. საფუძველი არის იმის, რომ ევროპულ, ცივილურ ქვეყანას დავემსგავსოთ, სადაც დაცვა ასეთი ფორმით ხდება და გარკვეული დროის შემდეგ, როცა ანალიზი კეთდება და რისკები აღარ არსებობს, დაცვა იხსნება. რაციონალურად უნდა მოვიქცეთ და დაცვამ უნდა იმუშაოს იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს. სახელმწიფო დაცვა უნდა მოქმედებდეს საჭიროებიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ პრეზიდენტია და პრემიერია. თუ ამის საჭიროება არ არის, რატომ უნდა ვატაროთ წინ და უკან?”, – განაცხადა ჩუბინიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

დეპუტატებს ცვლილებების არსი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ გააცნო.

ცვლილებებით, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ დაცვა აღარ ეყოლებათ, თუმცა დაცვა შეიძლება დაენიშნოთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისი საფრთხის არსებობის საფუძველზე.