ანზორ ჩუბინიძე - ამაყად შემიძლია განვაცხადო, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელზეც რაიმე ზემოქმედება მაქვს განხორციელებული

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, უკანონო ჩანაწერი, რომელიც ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით გავიდა, მოდელირებულია. ჩუბინიძის თქმით, ჩანაწერების უკანონოდ მოპოვება, მისი შენახვა, შემდეგ მოდელირება და გავრცელება დანაშაულია.

ანზორ ჩუბიძინე განმარტავს, რომ 2010-2011 წლებში ბერა ივანიშვილის მიმართ ვრცელდებოდა მუქარის შემცველი და პროვოკაციული განცხადებები. ჩუბიძინის განცხადებით, მაშინ ივანიშვილის ოჯახის დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა და მისი პირდაპირი მოვალეობა იყო, გაერკვია, გავრცელებულ მუქარას რეალობაში რამე ტიპის მოქმედება ხომ არ ექნებოდა.

ანზორ ჩუბინიძემ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში კონკრეტული შემთხვევის შესახებაც ისაუბრა.

„ეს იყო 2010 წლის ბოლო, 2011 წლის დასაწყისი. ეს არის პერიოდი, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ არ აქვს განცხადება გაკეთებული პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით. ამ დროს, მე ვარ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამ პერიოდში ბერას მიმართ გავრცელდა მუქარის შემცველი და სალანძღავი სიტყვებით დახუნძლული პროვოკაციული განცხადებები. ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო და რა თქმა უნდა, მეც ჩავერთე, გავაკეთე იდენტიფიცირება. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი. მე შევეცადე და გავედი კონტაქტზე ერთ-ერთის მშობელთან. ჩემდა სასიხარულოდ, მშობელი აღმოჩნდა ადეკვატური, კარგად გაიგო ჩვენი შეშფოთების საფუძველი, ჩაერთო ძალიან პოზიტიურად, ძალიან დაგვეხმარა და მედიატორის როლიც კი იკისრა ახალგაზრდებთან. იგივე მშობელი ჩვენ შემდეგ დაგვეხმარა და გავიყვანა კონტაქტზე თავისი შვილის მეგობართან, რომელიც ძირითადად ავრცელებდა ამ პოსტებს. ის ცხოვრობდა მეზობელ კორპუსში. მშობელთან ერთად როდესაც ჩვენ მასთან მივედით, აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა კაცი მარტო იყო სახლში და მისი შობლები არ იყვნენ იმ დროს. ჩემი თხოვნით, საუბრის პროცესში ჩაერთნენ მეზობლები. ჩემი განზრახვა იმაში მდგომარეობდა, რომ ახალგაზრდასთვის შემექმნა კეთილსაიმედო გარემო, რომ მისი ნდობა მომეპოვებინა. ამან ძალიან გაამართლა, საუბრის დასაწყისშივე მეზობლებთან და ჩემ მიერ აღნიშნულ მშობელთან ერთად ადვილად შემოვიყვანე კონტაქტში, ჩემ მიმართ ნდობით განეწყო. მე მას ჩემთვის სასურველი ყველა კითხვა დავუსვი და მივიღე პასუხები. დავრწმუნდი იმაში, რომ მის მიერ მანამდე გავრცელებულ მუქარას არ ექნებოდა მომავალში რაიმე ტიპის ქმედება და ფაქტობრივად ამით დასრულდა საუბარი. საუბრის დამთავრება კიდევ უფრო კეთილსაიმედო იყო, მშობელი წუხდა, რომ ახალგაზრდები ძალიან ბევრ დროს ატარებენ კომპიუტერთან და ფაქტობრივად, ეს ცუდად მოქმედებდა მათზე. მე ვურჩიე კიდეც, რომ იქნებ, რამე ტიპის სპორტულ ღონისძიებებში ჩართულიყვნენ. ეს იყო და ეს“, –  განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

ჩუბინიძის განმარტებით, „2010-2011 წელს განხორციელებულ სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე დაყრდნობით გავრცელდა სიუჟეტი, რომელიც უხვად იყო დამძიმებული ძალმომრეობითი ქმედების ფოტო და ვიდეომასალით“.

„იყო ძალიან დიდი მცდელობა იმისა, რომ სიუჟეტი გადმოეტანათ 2010-2011 წლებიდან 2016-2017 წლისთვის. დიდი მცდელობა იყო, რომ უკვე მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ჩინოსანი ანზორ ჩუბინიძე გამოეყვანათ და დაედანაშაულებინათ რაღაც აბსურდულ ბრალდებაში, რომ დასდევენ და ავიწროებენ ახალგაზრდებს.

რეალობაში რა ხდება? ირაკლი ღარიბაშვილს, 2010-2011 წლებში, როდესაც ის „ქართუ ფონდის“ თავმჯდომარე იყო, ჩემ მიერ ხსენებულ მსგავსი ტიპის შეხვედრებშიც კი არასდროს მიუღია მონაწილეობა. დღეს ანზორ ჩუბინიძეს ამაყად შეუძლია განაცხადოს, რომ ბუნებაში არ არსებობს ახალგზარდა, გნებავთ, ძველგაზრდა ადამიანი, რომელზეც მას რაიმე ზემოქმედება, რაიმე ტიპის ქმედება აქვს განხორციელებული. ჩანაწერები, რომლებიც იყო სრულიად უკანონოდ მოპოვებული 2010-2011 წელს, სამი ადამიანის, მათ შორის ერთი არასრულწლოვანის, და რაზეა ლაპარაკი, რაც გინდათ ის დაარქვით ამ საუბრებს, გნებავთ, ჭორაობა ვუწოდოთ, ეს არის დანაშაული? ვფიქრობ, დანაშაული არის ზუსტად მისი უკანონო მოპოვება, მისი შენახვა, შემდეგ მისი მოდელირება და გავრცელება“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.