ანზორ ბიწაძე - ვანო მერაბიშვილთან არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებთ
ანზორ ბიწაძე - ვანო მერაბიშვილთან არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებთ

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანზორ ბიწაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილთან არანაირ თანამშრომლობას არ აპირებენ.

მისივე თქმით, პარტია რჩება ოპოზიციურ ერთობაში, თუმცა მერაბიშვილთან თანამშრომლობით არ არის დაინტერესებული და არც აქვთ ინფორმაცია, რა გეგმები გააჩნია მერაბიშვილს.

„გასაგები მიზეზების გამო, ჩვენ ვანო მერაბიშვილთან არანაირ თანამშრომლობას არ ვგეგმავთ. ჩვენ ვრჩებით ოპოზიციურ ერთობაში, მაგრამ არანაირი თანამშრომლობა ჩვენს პარტიას ვანო მერაბიშვილთან არ ექნება, არც არანაირი მოსაზრებები არ გვაქვს და არც ვიცით საერთოდ, რა გეგმები აქვს, სად აპირებს წასვლას. სიმართლე გითხრათ, ამით არც დავინტერესებულვართ“ ,- განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

კითხვაზე, 26 მაისის აქციების შემდეგ მერაბიშვილის მიმართ დამოკიდებულება ხომ არ შეგიცვლიათ, ბიწაძემ უპასუხა, რომ ვერავისთან დამოკიდებულებას ვერ გადახედავს.

„ვერაფერს გადავხედავ, ვერავისთან დამოკიდებულებას. სიმართლე ერთია წარსულთან, აწმყოსთან და მომავალთან დაკავშირებით. ასე, რომ არანაირი ცვლილება ჩვენს პოზიციაში ამ მიმართულებით ბუნებრივია, არ არსებობს. ჩვენ მასთან არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებთ“ ,- განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის დღევანდელი განხადების კომენტირებისას კი ანზორ ბიწაძემ აღნიშნა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია იბრძვის ნორმალური, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად და ხელისუფლების დემოკრატიულად, სტაბილური პროცესით შესაცვლელად.

„ახლა გაერთიანებული ოპოზიცია იბრძვის ნორმალური, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის და ხელისუფლების შეცვლისთვის ნორმალურად, დემოკრატიულად, სტაბილური პროცესით და ამ პროცესში ჩართულები არიან ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები. განცხადებები დამხობასთან, რევოლუციასთან და ასეთ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით აბსოლუტურად არაადეკვატური და არასწორია, ეს მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს“ ,- განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

რაც შეეხება მომავალ პოლიტიკურ საქმიანობაში ვანო მერაბიშვილის პერსპექტივებს, ანზორ ბიწაძე ამ საკითხზე ასე პასუხობს: „ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ. ეს მისი და მისი მეგობრების გადასაწყვეტია. ჩვენ თანამშრომლობას არ ვაპირებთ და ვერც ამის პერსპექტივას ვხედავთ“ ,- აღნიშნა ანზორ ბიწაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა. ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.