ანზორ ბიწაძე - ოპოზიციის საერთო კანდიდატების შერჩევისას გადამწყვეტი იქნება, რა შანსი აქვს კონკრეტულ ადამიანს კონკრეტულ ოლქში
ანზორ ბიწაძე - ოპოზიციის საერთო კანდიდატების შერჩევისას გადამწყვეტი იქნება, რა შანსი აქვს კონკრეტულ ადამიანს კონკრეტულ ოლქში

შეთანხმება მიღწეულია ზოგად პრინციპებზე და კონტურებზე, რომ ოპოზიცია ერთიანი იქნება და საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციონერი კოლეგები მაჟორიტარულ ოლქებში ერთმანეთს ხელს შეუწყობენ, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანზორ ბიწაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ არც ის არის ცნობილი, საერთოდ რამდენი მაჟორიტარული ოლქი იქნება.

„ჯერ ისიც არ ვიცით, რამდენი მაჟორიტარული ოლქი იქნება, რადგან მაინც ველოდებით, რომ ხელისუფლება წამოვა დათმობაზე და საარჩევნო სისტემა შეიცვლება. მთავარია, მოხდება შეთანხმება, პარტიებს ექნებათ ერთობა მაჟორიტარულ ოლქებში, რათა „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია, იმ დაბალი მხარდაჭერით, რაც აქვს. არ იქნება საუბარი ციფრებზე და ვაჭრობა, რომელ პარტიას რამდენი კანდიდატი ჰყავდეს. ყველა პარტიის წევრებისა და მაჟორიტარობის კანდიდატების გარკვეული სია შედგება. ეს განიხილება საერთო ოპოზიციურ მაგიდაზე და გადამწყვეტი ფაქტორი იქნება არა პარტიული კუთვნილება, არამედ რა შანსები ექნება კონკრეტულ ადამიანს კონკრეტულ ოლქში“, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ყველა პარტიიდან სხვადასხვა რაოდენობის წარმომადგენელი იქნება.

„გადაწყვეტილების მთავარი ფაქტორი, რომელი პარტიის რომელი ლიდერი და წევრი დადგება კონკრეტული ოლქში, იქნება ის, თუ კონკრეტულ სახელსა და გვარს რა შანსი აქვს. ჩვენი პარტიის ლიდერის კანდიდატურაზე მსჯელობა არ ყოფილა, ჩვენ გვყავს რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც აქვთ კარგი შანსები სხვადასხვა რაიონში, მაგრამ ეს შიდა ოპოზიციური მოლაპარაკების საკითხია და ამაზე საჯაროდ ჯერ არ ვისაუბრებთ”, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.