ანტონიუ კოშტა - ვერ ვიტყვი, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება 2027 წელს იქნება, 2026 წელს, თუ უფრო გვიან, მაგრამ მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ იმპულსი
ანტონიუ კოშტა - ვერ ვიტყვი, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება 2027 წელს იქნება, 2026 წელს, თუ უფრო გვიან, მაგრამ მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ იმპულსი

ვერ ვიტყვი, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება 2027 წელს იქნება, თუ 2026 წელს, თუ უფრო გვიან, მაგრამ მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ იმპულსი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა.

„გაფართოება ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ინვესტიციაა, რაც ევროკავშირს შეუძლია, განახორციელოს ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. ჩვენ სრულად ვართ ჩართული გაფართოების პროცესში უკრაინის, მოლდოვისა და ბალკანეთის მიმართულებით. ძალიან შთამბეჭდავია, თუ რას აკეთებს უკრაინა ომის შუაგულში რეფორმების განსახორციელებლად და ევროპულ პირობებთან ადაპტაციისთვის, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ გვსურს, რომ რაც შეიძლება მალე ოფიციალურად დავიწყოთ მოლაპარაკებები და წინ წავიწიოთ ეს გაფართოების პროცესი. ვერ ვიტყვი, ეს 2027 წელს იქნება, თუ 2026 წელს, თუ მოგვიანებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არ დავკარგოთ იმპულსი. ტექნიკური სამუშაოები, რომლებსაც უკრაინა ახორციელებს, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის რაც შეიძლება მალე დასასრულებლად“, – განაცხადა კოშტამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ გეგმავს ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგობას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, კოშტამ განაცხადა, რომ უნგრეთმა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მისცა ხმა.

„ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიმუშაოთ 27 წევრ სახელმწიფოსთან. მახსოვს, რომ უნგრეთმა ხმა მისცა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს მოლაპარაკებების საკითხია. ეს მოლაპარაკებები ზოგჯერ რთულია, ზოგჯერ დიდი დრო სჭირდება. მახსოვს, ჩემი ქვეყანა ცხრა წელი ელოდა. უკრაინასთან დაკავშირებით კი საქმე ბევრად, ბევრად უფრო სწრაფად მიდის, ვიდრე სხვებთან და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ძალიან მალე შევძლებთ შედეგის მიღწევას“,- განაცხადა კოშტამ.