ანტონიუ კოშტა - სამშვიდობო მოლაპარაკებებში ახალი იმპულსი შეინიშნება, ახლა მნიშვნელოვანია, წინ წავიდეთ, უკრაინამ ევროპა აირჩია და ევროპა უკრაინის გვერდით დადგება
ჩვენ ახლახან დავასრულეთ 27 ევროპელი ლიდერის შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან და შევაფასეთ უკრაინისთვის მშვიდობის მიღწევის მცდელობებთან დაკავშირებული უახლესი მოვლენები, სამშვიდობო მოლაპარაკებებში ახალი იმპულსი შეინიშნება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ უკრაინასა და აშშ-ის „სამშვიდობო გეგმაზე“ ევროკავშირის ლიდერების სპეციალურ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, 23 ნოემბერს ჟენევაში გამართული შეხვედრის დროს მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა.
„გუშინდელ შეხვედრაზე ჟენევაში შეერთებულ შტატებს, უკრაინას, ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროპის წარმომადგენლებს შორის მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა. შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ გვაცნობეს, რომ დისკუსიები კონსტრუქციული იყო და რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით პროგრესი იქნა მიღწეული. ჩვენ მივესალმებით ამ წინ გადადგმულ ნაბიჯს. ზოგიერთი საკითხი კვლავ გადასაჭრელია, მაგრამ მიმართულება დადებითია. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ წინ წავიდეთ, როგორც პარტნიორები, გაერთიანებულნი ჩვენი საერთო მიზნით. უკრაინამ ევროპა აირჩია და ევროპა უკრაინის გვერდით დადგება“, – განაცხადა მან.
ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც.
მისი თქმით, ევროპამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს და უკრაინის ბედი მხოლოდ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს.
„მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, ახლა წინსვლის მყარი საფუძველი არსებობს. ამ პროცესში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და ჩვენი ძალისხმევის ცენტრში უკრაინის ინტერესები დავაყენოთ. საქმე მთელი ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებას ეხება, ახლა და მომავალში. უკრაინის ტერიტორია და სუვერენიტეტი პატივისცემით უნდა იყოს დაცული. მხოლოდ უკრაინას, როგორც სუვერენულ ქვეყანას, შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილებები თავის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით. მათი ბედის არჩევანი მათ ხელშია. დაბოლოს, დღეს კიდევ ერთხელ წამოვწიე გატაცებული და დაკარგული უკრაინელი ბავშვების თემა. თითოეული მათგანი სახლში უნდა დაბრუნდეს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.