ანტონიუ კოშტა – ირანს მეზობლების წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების სრული აღდგენისკენ მოვუწოდე
ირანს მეზობლების წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების სრული აღდგენისკენ მოვუწოდე, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ირანის ლიდერთან გულწრფელი და არსებითი დისკუსია გამართა. კოშტამ ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად ერთადერთი გზა დიალოგია.
„ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან გულწრფელი და არსებითი დისკუსია გავმართე. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ დიალოგი კონფლიქტების მოგვარების და რეგიონში მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის ერთადერთი გზაა. ირანს მეზობლების წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების სრული აღდგენისკენ მოვუწოდე. მოვუწოდე ირანს, განაახლოს თანამშრომლობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA). ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ყველა მიმდინარე დიპლომატიურ ძალისხმევას“, – წერს კოშტა სოციალურ ქსელში.