ანტონიუ კოშტა – ევროკავშირი გმობს აშშ-ის მიერ ევროპელი მოქალაქეებისა და თანამდებობის პირების მიმართ მოგზაურობის შეზღუდვებს, ასეთი ზომები მიუღებელია მოკავშირეებისა და მეგობრებისთვის
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისთვის და კიდევ ოთხი ევროპელისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესებას ეხმაურება.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მსგავსი ზომები მიუღებელია მოკავშირეებისთვის, პარტნიორებისა და მეგობრებისთვის.
„ევროკავშირი გმობს აშშ-ის მიერ ევროპელი მოქალაქეებისა და თანამდებობის პირების მიმართ მოგზაურობის შეზღუდვებს. ასეთი ზომები მიუღებელია მოკავშირეებისთვის, პარტნიორებისა და მეგობრებისთვის. ევროკავშირი მტკიცედ იცავს გამოხატვის თავისუფლებას, სამართლიან ციფრულ წესებს და მის მარეგულირებელ სუვერენიტეტს“, – წერს კოშტა.
ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა ხუთ პირს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ, ერთ-ერთი მათგანი ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონია.
აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკომისიამ, რომელშიც ნათქვამია: „აშშ-ის ხელისუფლებისგან განმარტებები მოვითხოვეთ. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ გადამწყვეტი პასუხისთვის, რათა ჩვენი მარეგულირებელი ავტონომია გაუმართლებელი ზომებისგან დავიცვათ“.
The EU condemns the U.S. travel restrictions against European citizens and officials.
Such measures are unacceptable between allies, partners, and friends.
The EU stands firm in its defense of freedom of expression, fair digital rules, and its regulatory sovereignty. https://t.co/Kh142DM676
— António Costa (@eucopresident) December 24, 2025