ანტონიუ კოშტა აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების მოხსნას არ აპირებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების მოხსნას არ აპირებს. ამის შესახებ კოშტამ პარიზში მიმდინარე ე.წ. მსურველთა კოალიციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრის დაწყებამდე სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, რუსეთზე ზეწოლა წარმოადგენს უკრაინის მხარდაჭერის საუკეთესო საშუალებას.
„საუკეთესო საშუალება უკრაინის მხარდასაჭერად – დარჩე თანმიმდევრული ჩვენს მიზანთან, მივაღწიოთ სამართლიან და მდგრად მშვიდობას. ეს ნიშნავს რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებას სანქციების დახმარებით“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.
როგორც კოშტამ აღნიშნა, ამ გზავნილს ე.წ. მსურველთა კოალიციის წევრებს გააცნობს.
როგორც ცნობილია, ე.წ. მსურველთა კოალიცია, რომელსაც სათავეში საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უდგას, უკვე რამდენიმე კვირაა, მუშაობს უკრაინაში სამომავლო ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის გეგმაზე.
მანამდე საუდის არაბეთში გაიმართა აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა, სადაც, თეთრი სახლის ცნობით, შედგა შეთანხმება შავი ზღვაში ზავის შესახებ. თუმცა მოგვიანებით რუსეთმა განაცხადა, რომ ზავი ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც დაკმაყოფილდება მოსკოვის რამდენიმე მოთხოვნა, მათ შორის, ზოგიერთი რუსული ბანკისთვის სანქციების მოხსნა, რაც ევროკავშირის თანხმობის გარეშე შეუძლებელია.
The best way to support Ukraine is to stay consistent in our objective to reach a just and lasting peace. This means keeping up the pressure on Russia through sanctions.
I will convey this message at today’s Leaders’ meeting on peace and security for #Ukraine organised by… pic.twitter.com/csBYcIbkr1
— António Costa (@eucopresident) March 27, 2025