ანტონიუ გუტიერეში ვენესუელაში დაპირისპირებულ მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს
ანტონიუ გუტიერეში ვენესუელაში დაპირისპირებულ მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალური მდივანი ვენესუელაში დაპირისპირებულ მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ლათინური ამერიკის ქვეყანაში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პრესმდივანმა გააკეთა.

სტეფან დიუჯარიკის თქმით, ანტონიუ გუტიერეში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებს და მხარეებს ძალადობის თავიდან ასაცილებლად მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

რამდენიმე საათის წინ ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა. სამხედრო მოსამსახურეებთან და ოპოზიციონერ ლეოპოლდო ლოპესთან ერთად გადაღებულ ვიდეოში ხუან გუაიდო აცხადებს, რომ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში გადადის.

ვიდეომიმართვა კარაკასთან ახლოს მდებარე სამხედრო ავიაბაზაზე ჩაიწერა. მისი სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ კი, ვენესუელას დედაქალაქში ათასობით აქტივისტი გამოვიდა. ხუან გუაიდოს მხარდამჭერებმა ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაილაშქრეს. ადგილი ჰქონდა მხარეებს შორის დაპირისპირებასაც. დედაქალაქ კარაკასში მრავალათასიანი აქცია ამ დრომდე გრძელდება.