ანტონიუ გუტიერეში - კორონავირუსი გლობალურ სტაბილურობასა და მშვიდობას ემუქრება
ანტონიუ გუტიერეში - კორონავირუსი გლობალურ სტაბილურობასა და მშვიდობას ემუქრება

კორონავირუსი გლობალურ სტაბილურობასა და მშვიდობას ემუქრება,- ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა განაცხადა. გუტიერეშმა კორონავირუსის პანდემიას „თაობის ბრძოლა“ უწოდა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართა და აღნიშნა, რომ პანდემიამ შესაძლოა, სოციალური მღელვარებისა და ძალადობის ზრდა გამოიწვიოს, რაც დაავადების წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლას შეაფერხებს.

ანტონიუ გუტიერეშის თქმით, კორონავირუსის პანდემია გაერო-ს ყველაზე დიდი გამოცდაა მისი დაარსების დღიდან და ის უკვე უშლის ხელს საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული კონფლიქტების დარეგულირების ძალისხმევას.

„ეს არის თაობის ბრძოლა და თავად გაერო-ს არსებობის მიზეზი“, – აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, მსოფლიო უკვე ხედავს დამანგრეველ სოციალურ და ეკონომიკურ გავლენას. თუმცა, მისი თქმით, „პანდემია ასევე მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის“.

გუტიერეშის განცხადებით, პანდემიამ შესაძლოა, გამოიწვიოს ტერორისტული თავდასხმები, საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი ნდობის შერყევა, ეკონომიკური არასტაბილურობა, პოლიტიკური დაძაბულობა არჩევნების ან რეფერენდუმების გადადების გამო. ამას გარდა, გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, კორონავირუსის პანდემია ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ ვითარებას ამძიმებს.

როგორც გუტიერეშმა აღნიშნა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ჩარევა გადამწყვეტია მშვიდობისა და უსაფრთხოების შედეგების შემსუბუქებისთვის. მისი თქმით, ამჟამად მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ ერთიანობა და სიმტკიცე აჩვენოს.