ანტონიუ გუტიერეში - იდლიბის პროვინციაში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყება უპრეცედენტო ჰუმანიტარულ კრიზისს შექმნის
ანტონიუ გუტიერეში - იდლიბის პროვინციაში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყება უპრეცედენტო ჰუმანიტარულ კრიზისს შექმნის

იდლიბის პროვინციაში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყება უპრეცედენტო ჰუმანიტარულ კრიზისს შექმნის, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ნიუ-იორკში, ორგანიზაციის შტაბბინაში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

ანტონიუ გუტიერეში სირიას, რუსეთსა და ირანს სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად გაცილებით აქტიური ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

„იდლიბში საომარი მოქმედებები ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს. ეს სირიის სისხლისმღვრელ კონფლიქტში უპრეცედენტო შემთხვევა იქნება“, – განაცხადა ანტონიუ გუტიერეშმა.

საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, იდლიბის პროვინციაში არსებული საავადმყოფოებისა და სხვა ჰუმანიტარული დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველყოფა სირიის, ირანისა და თურქეთის მთავარი მისია უნდა იყოს.

„ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლა მხარეებს საბაზისო ვალდებულებებისგან არ ათავისუფლებს“, – აღნიშნა ანტონიუ გუტიერეშმა სიტყვით გამოსვლის დროს.

საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სირიის კონფლიქტის აღმოფხვრა მხოლოდ პოლიტიკური გზით არის შესაძლებელი.

სირიის ჩრდილო-დასავლეთში სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. იდლიბის პროვინცია ამბოხებულებისა და სხვადასხვა ისლამისტური დაჯგუფების მიერ დაკავებული უკანასკნელი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. დასავლეთის მრავალი მოწოდების მიუხედავად, ასადის რეჟიმმა რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების დახმარებით პროვინციაზე რამდენიმე ავიაიერიში მაინც მიიტანა.