ანტონიუ გუტერეშმა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ჩაერიონ
ანტონიუ გუტერეშმა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ჩაერიონ

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ჩაერიონ.

გაერო-ს ხელმძღვანელმა წევრ ქვეყნებს ურჩია, რომ დავები გადაწყვიტონ მშვიდობიანად, მუქარის ან ძალის გამოყენების გარეშე და წევრი სახელმწიფოების სუვერენული თანასწორობა აღიარონ.

„ყველა დაინტერესებულ მხარეს – წევრ სახელმწიფოებს, რეგიონულ ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს ეკისრება პასუხისმგებლობა, წვლილი შეიტანოს კანონის უზენაესობის ჩამოყალიბებასა და დაცვაში, მაგრამ საერთაშორისო ვითარება გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასავლელი. ჩვენ უკანონობის უზენაესობის სერიოზული რისკის ქვეშ ვართ. მსოფლიოს ყველა რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობა განიცდის დამანგრეველი კონფლიქტების, ადამიანთა სიცოცხლის დაკარგვის, სიღარიბისა და შიმშილის მზარდ შედეგებს.

ბირთვული იარაღის უკანონო შემუშავებიდან დაწყებული, ძალის უკანონო გამოყენებამდე, სახელმწიფოები აგრძელებენ საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას დაუსჯელად. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შექმნა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კატასტროფა, დააზარალა ბავშვების თაობა და დააჩქარა გლობალური სასურსათო, ენერგეტიკული კრიზისი. სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ნებისმიერი ანექსია, რომელიც გამოწვეულია ძალის მუქარის ან გამოყენების შედეგად, წარმოადგენს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის დარღვევას“, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.