ანტონიუ გუტერეში - წითელ ზღვაში და მის ფარგლებს გარეთ დაძაბულობის შეკავება, შესაძლოა, მალე შეუძლებელი იყოს
წითელ ზღვაში და მის ფარგლებს გარეთ დაძაბულობის შეკავება, შესაძლოა, მალე შეუძლებელი იყოს, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.
„100 დღეზე მეტი გავიდა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის საშინელი თავდასხმებიდან, რომლის დროსაც დაიღუპა 1000-ზე მეტი ისრაელელი და აიყვანეს მძევლები. ყოველდღე ვფიქრობ იმ ოჯახების ტკივილზე, რომლებსაც შევხვდი. მე კიდევ ერთხელ მოვითხოვ ყველა მძევლის დაუყონებლივ და უპირობო გათავისუფლებას, მათ ჰუმანურად უნდა მოეპყრან. ამავდროულად, სამოქალაქო მკვლელობების დონე ისეთი ტემპით მიმდინარეობს, რომელიც უპრეცედენტოა ჩემი გენერალური მდივნის თანამდებობაზე მუშაობის წლებში. მოკლულთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. ვერაფერი გაამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გასაზრდელად, სიცოცხლისთვის აუცილებელი დახმარება ადამიანებს არ მიეწოდებათ. მე ღრმად ვარ შეშფოთებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევით, რასაც ჩვენ ვხედავთ“, – განაცხადა გუტერეშმა.
გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, დაძაბულობა მაღალია წითელ ზღვასა და მის ფარგლებს გარეთაც, რისი შეკავებაც მალე, შესაძლოა, შეუძლებელი გახდეს.
მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი არის დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა და მძევლების დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება.
„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი ღაზაში, მით უფრო დიდია ესკალაციის რისკი. ჩვენ ვერ ვხედავთ ლიბანში იმას, რასაც ვხედავთ ღაზაში. და არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ გაგრძელდეს ის, რაც ღაზაში ხდება“, – აღნიშნა გუტერეშმა.