ანტონიუ გუტერეში ვაშინგტონსა და თეირანს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ დიპლომატიის გზას – „ყოვლისმომცველი და მდგრადი შეთანხმების მიღწევა მხოლოდ დიალოგის გზით არის შესაძლებელი“

22:36, 02.09.2026

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის განახლების გამო.

„გენერალური მდივანი ღრმად შეშფოთებულია მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის შესახებ გავრცელებული ცნობებით, მათ შორის ირანში საქორწილო ცერემონიაზე განხორციელებული დარტყმის თაობაზე. გენერალური მდივანი გმობს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა თავდასხმას. ის აღნიშნავს, რომ ყველა მხარემ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, განასხვაოს მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ობიექტები სამხედრო სამიზნეებისგან და დაიცვას პროპორციულობისა და სიფრთხილის პრინციპები“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე გაერო-ს სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა.

გაერო-ს გენერალური მდივანი მოუწოდებს ვაშინგტონსა და თეირანს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ დიპლომატიის გზას და აცხადებს, რომ ყოვლისმომცველი და მდგრადი შეთანხმების მიღწევა მხოლოდ დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი.

მსგავსი