ანტონიუ გუტერეში ისრაელსა და „ჰამასს“ მოუწოდებს, სრულად შეასრულონ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ღაზის შესახებ შეთანხმება

00:29, 01.08.2026
FILE PHOTO: United Nations Secretary-General Antonio Guterres speaks at the United Nations before a meeting about the conflict in Gaza, at the United Nations Headquarters in New York City, U.S., November 6, 2023.  REUTERS/Caitlin Ochs//File Photo

FILE PHOTO: United Nations Secretary-General Antonio Guterres speaks at the United Nations before a meeting about the conflict in Gaza, at the United Nations Headquarters in New York City, U.S., November 6, 2023. REUTERS/Caitlin Ochs//File Photo

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა მოუწოდა ისრაელსა და „ჰამასს“, სრულად შეასრულონ ღაზის შესახებ შეთანხმება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა.

„ბოლო დღეებში ერთადერთი კარგი ამბავი არის აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შეთანხმების გამოცხადება, რომლის მიხედვითაც, „ჰამასმა“ უნდა დათმოს იარაღი, ხოლო ისრაელმა ღაზიდან თავისი ძალები უნდა გაიყვანოს“,- განაცხადა გუტერეშმა ნიუ იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა და „მშვიდობის საბჭომ“ განაცხადეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგი ეტაპის განხორციელების შესახებ. საბჭოს განცხადებით, „ჰამასმა“ დაამტკიცა დეტალური საგზაო რუკა. ისრაელს კი ამ დრომდე ოფიციალურად არ დაუდასტურებია მისი მხარდაჭერა.

კითხვაზე პასუხისას, რომელიც ეხებოდა ცნობებს იმის შესახებ, რომ ისრაელი კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი შეთანხმების მიმართ და აცხადებს, რომ ღაზიდან ჯარებს მხოლოდ „ჰამასის“ განიარაღების შემდეგ გაიყვანს, გუტერეშმა აღნიშნა, რომ შეთანხმების განხორციელების მექანიზმი უკვე შექმნილია.

„უკვე გამოცხადდა, რომ არსებობს საგზაო რუკა ამ მიზნების განსახორციელებლად. ეს საგზაო რუკა უნდა შესრულდეს ყოველგვარი კითხვების, სკეპტიციზმისა თუ მისი ჩაშლის მცდელობის გარეშე. ახლა ორივე მხარისთვის დროა, შეასრულონ ის, რაზეც შეთანხმდნენ“, – განაცხადა გუტერეშმა.

გუტერეშმა ასევე ისაუბრა სპარსეთის ყურეში სამხედრო ესკალაციის შესახებ. მისი თქმით, ჰორმუზის სრუტეში ვაჭრობის ფაქტობრივმა შეჩერებამ უკვე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსოფლიო ეკონომიკაზე.

„ჩვენ, უკვე ექვსი თვეა, ვიმყოფებით სპარსეთის ყურეში სამხედრო ესკალაციის პირობებში. ის, რაც რეგიონულ კონფლიქტად დაიწყო, სულ უფრო მეტად ხდება გლობალური არასტაბილურობის მამოძრავებელი ძალა“, – განაცხადა გუტერეშმა.

მისი თქმით, ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გადაზიდვები მკვეთრად შემცირდა, ენერგეტიკული ბაზრებზე დესტაბილიზაცია შეინიშნება, გაიზარდა სურსათისა და სასუქების ფასები, ხოლო მიწოდების ჯაჭვები „იშლება“.

„მთელ მსოფლიოში ვხედავთ ოჯახებს, რომლებსაც უჭირთ საკვების შეძენა, ფერმერებს, რომლებსაც აღარ შეუძლიათ რესურსების შესყიდვა, და დაუცველ ქვეყნებს, რომლებიც კიდევ უფრო უახლოვდებიან კრიტიკულ ზღვარს“, – თქვა გუტერეშმა.

მისივე თქმით, ფასების ზრდამ და ეკონომიკური ზრდის შენელებამ, შესაძლოა, მილიონობით ადამიანი კვლავ სიღარიბეში დააბრუნოს, ხოლო ჰუმანიტარული შედეგები სულ უფრო მძიმდება.

გუტერეშმა ყველა მხარეს მოუწოდა, აღადგინონ ნავიგაციის თავისუფლება რეგიონის მნიშვნელოვან საზღვაო გზებზე.

„ნება მომეცით, მკაფიოდ ვთქვა: ბრძოლა უნდა შეწყდეს. ჰორმუზის სრუტესა და ბაბ-ელ-მანდების სრუტის მიმდებარე ტერიტორიებზე საერთაშორისო სანავიგაციო უფლებები და თავისუფლება სრულად უნდა აღდგეს და დიპლომატიამ უნდა გაიმარჯვოს“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

მსგავსი