ანტონიუ გუტერეში - გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტო არის ჰუმანიტარული რეაგირების ხერხემალი ღაზის სექტორში
ანტონიუ გუტერეში - გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტო არის ჰუმანიტარული რეაგირების ხერხემალი ღაზის სექტორში

გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტო არის ჰუმანიტარული რეაგირების ხერხემალი ღაზის სექტორში, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.

გუტერეში მიმართავს ქვეყნებს, რომ ლტოლვითა სააგენტოს მისცენ სამუშაოს გაგრძელების გარანტია.

გაერო-ს გენერალური მდივნის ეს განცხადება პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსების შეჩერებას მოჰყვა. ეს გადაწყვეტილება აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, ფინეთმა, ავსტრალიამ და კანადამ მას შემდეგ მიიღეს, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ გაერო-ს სააგენტოს თანამშრომლები ჩართულები იყვნენ „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში.

„მინდა, აღვნიშნო, რომ გაერო-მ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება იმ სერიოზულ ბრალდებებზე, რაც პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს თანამშრომლების მიმართულებით გაჟღერდა. გუშინ შევხვდი დონერებს, რათა მომესმინა მათი შეშფოთება და ამეხსნა ის ნაბიჯები, რასაც ვდგამთ მათ მოსაგვარებლად. ასევე ხაზგასმით აღვნიშნე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს სასიცოცხლო სამუშაოების შენარჩუნების მნიშვნელობა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მძიმე საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტო არის ჰუმანიტარული რეაგირების ხერხემალი ღაზის სექტორში“, – განაცხადა გუტერეშმა.

მანამდე, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს ცხრა თანამშრომელი გაათავისუფლეს.