ანტონიუ გუტერეში - ესკალაციის ნაცვლად ახლა დიპლომატიის, თავშეკავების, პასუხისმგებლობის, საერთაშორისო სამართლისადმი ერთგულების განახლების დროა
ანტონიუ გუტერეში - ესკალაციის ნაცვლად ახლა დიპლომატიის, თავშეკავების, პასუხისმგებლობის, საერთაშორისო სამართლისადმი ერთგულების განახლების დროა

ესკალაციის ნაცვლად ახლა დიპლომატიის დროა, დროა თავშეკავებისა და პასუხისმგებლობის, საერთაშორისო სამართლისადმი ერთგულების განახლების, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.

გუტერეშმა ნიუ იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ, არსებული სიგნალების მიხედვით, ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების განახლება, შესაძლოა, უახლოეს ორ დღეში მოხდეს.

მისი თქმით, ეს პროცესები მნიშვნელოვანია დაძაბულობის შესამცირებლად.

როგორც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ისრაელსა და ლიბანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა, „არავინ ელოდება“, რომ დღევანდელი დიალოგი ყველა პრობლემას გადაწყვეტს, თუმცა ასეთი შეხვედრები აუცილებელია, რათა შეიქმნას პირობები სიტუაციის ცვლილებისთვის.

გუტერეშმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სამართლის დაცვის საკითხზე და აღნიშნა, რომ ის „მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი, ახლო აღმოსავლეთში ირღვევა“. მისივე თქმით, საერთაშორისო სამართალი „ვრცელდება ყველა სახელმწიფოზე გამონაკლისის გარეშე“.

ამასთან, გუტერეშმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ნავიგაციის უფლებების პატივისცემის აუცილებლობას, მათ შორის, ჰორმუზის სრუტეში.

„დროა თავშეკავებისა და პასუხისმგებლობის. ახლა დროა ესკალაციაზე წინ დიპლომატიის დაყენების. დროა საერთაშორისო სამართლისადმი ერთგულების განახლების“, – განაცხადა გუტერეშმა.