ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ აშშ ორგანიზაციის საწევრო გადასახადს, რომელიც ასობით მილიონ დოლარს შეადგენს, მალე გადაიხდის

20:42, 27.08.2026

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ აშშ ორგანიზაციის საწევრო გადასახადს, რომელიც ასობით მილიონ დოლარს შეადგენს, მალე გადაიხდის.

შეკითხვაზე, თუ როდის არის მოსალოდნელი ეს გადახდა, გუტერეშმა ჟურნალისტებს უპასუხა, რომ, გაერო-ს მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, „ეს ძალიან მალე მოხდება“.

ამასთან, „როიტერი“ წერს, რომ გასულ კვირას გაავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის კონგრესს აცნობა გაერო-ს წინაშე არსებული 725 მილიონი დოლარის საწევროს გადახდის განზრახვის შესახებ. ამასთან, გამოცემის ცნობით, აღნიშნული თანხა იმ თანხის მხოლოდ 15%-ია, რომელიც, ორგანიზაციის მტკიცებით, შტატებმა უნდა გადაიხადოს. მათივე თქმით, აშშ-მა ორგანიზაციას სულ ხუთი მილიარდი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ არ აპირებს გაერო-ს საწევრო გადასახადი გადაიხადოს და თანხის გადახდის დადგენილ ვადებს გადააცილა. ამის შემდეგ ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ გაერო „გარდაუვალი ფინანსური კოლაფსის“ წინაშე დგას. მისივე თქმით, ამის გამო მსოფლიოში მილიონობით ადამიანის მდგომარეობა, რომელსაც დახმარება სჭირდება, კრიტიკულად დამძიმდა.

მსგავსი