ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი კონტროლს აღარ ექვემდებარება
ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი კონტროლს აღარ ექვემდებარება

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი კონტროლს აღარ ექვემდებარება.

გუტერეშის თქმით, მსოფლიო უფრო ფართო კონფლიქტის, ადამიანური ტანჯვის გაზრდისა და გლობალური ეკონომიკური შოკის საფრთხის წინაშე დგას.

„კონფლიქტი გასცდა იმასაც კი, რასაც ლიდერები წარმოუდგენლად მიიჩნევდნენ. ეს ძალიან შორს წავიდა. დროა, შევწყვიტოთ ესკალაციის კიბეზე ასვლა და დავიწყოთ დიპლომატიურ კიბეზე დაშვება – საერთაშორისო სამართლის სრული პატივისცემისკენ დაბრუნებით“, – განაცხადა გუტერეშმა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა კონფლიქტში ჩართულ მხარეებს მიმართა. აშშ-სა და ისრაელს გუტერეშმა – ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, ხოლო ირანს მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმების შეეჩერებისკენ მოუწოდა. მან ასევე მოითხოვა სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა ლიბანში.

გუტერეშმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტის დახურვა ნავთობის, გაზისა და სასუქების მიწოდებას აფერხებს და ომის შედეგები ყველაზე მძიმედ პლანეტის უღარიბეს და ყველაზე მოწყვლად ადამიანებზე აისახება.