ანტონიო ტაიანი - იტალია მზადაა, წვლილი შეიტანოს ცეცხლის შეწყვეტის განმტკიცებაში, ღაზის რეკონსტრუქციაში, მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, გავგზავნოთ სამშვიდობო ძალები
ანტონიო ტაიანი - იტალია მზადაა, წვლილი შეიტანოს ცეცხლის შეწყვეტის განმტკიცებაში, ღაზის რეკონსტრუქციაში, მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, გავგზავნოთ სამშვიდობო ძალები

იტალია მიესალმება ღაზასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის გეგმის პირველი ეტაპის შესახებ შეთანხმებას და აცხადებს, რომ მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, სამშვიდობო ძალები გაგზავნონ.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონიო ტაიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ იტალია მზადაა, შეიტანოს თავისი წვლილი ამ შეთანხმების განხორციელებაში.

„მშვიდობა ახლოსაა. იტალია, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა აშშ-ის გეგმას, მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს ცეცხლის შეწყვეტის განმტკიცებაში, ახალი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასა და ღაზის რეკონსტრუქციაში მონაწილეობაში. ჩვენ ასევე მზად ვართ, გავგზავნოთ სამშვიდობო ძალები, თუ ეს საჭირო გახდება პალესტინის გაერთიანებისთვის“, – წერს ანტონიო ტაიანი.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს აშშ-ის სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას. „ყველა მძევალს მალე გაათავისუფლებენ და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზზე გაიყვანს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.