ანტონიო კოშტა - ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე გამოვხატე ევროკავშირის მოლოდინი, რომ ჩინეთი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დასრულებას შეუწყობს ხელს
ანტონიო კოშტა - ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე გამოვხატე ევროკავშირის მოლოდინი, რომ ჩინეთი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დასრულებას შეუწყობს ხელს

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტასა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრის, ლი ციანის შეხვედრა გაიმართა.

„ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან კონსტრუქციულ და სტაბილურ ურთიერთობებს. ჩვენ გლობალური გამოწვევების მოსაგვარებლად თანამშრომლობის გაძლიერება გვსურს“, – წერს ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელ X-ზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ხელახლა დაბალანსების მიზნით კონკრეტული პროგრესის მიღწევის აუცილებლობას. კოშტამ ასევე გამოხატა მოლოდინი, რომ ჩინეთი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დასრულებას შეუწყობს ხელს.

„შეშფოთება გამოვხატე ჩინეთის მიერ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის ექსპორტის კონტროლის გაფართოებასთან დაკავშირებით. მოვუწოდე, რაც შეიძლება მალე აღადგინოს საიმედო და პროგნოზირებადი მიწოდების ჯაჭვები. ასევე გამოვხატე ევროკავშირის მოლოდინი, რომ ჩინეთი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დასრულებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ანტონიო კოშტამ.

ცნობისთვის, მალაიზიის დედაქალაქი ასეანის 47-ე სამიტის მასპინძელია. კუალა ლუმპურში მიმდინარე სამიტი 26 ოქტომბერს გაიხსნა და 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება.