ანტონიო კონტეს წასვლის შემთხვევაში, „ნაპოლი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT
ანტონიო კონტეს წასვლის შემთხვევაში, „ნაპოლი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT

ანტონიო კონტეს მომავალი „ნაპოლიში“ ბუნდოვანია. იტალიური მედიის ინფორმაციით, სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა, მან გუნდი დატოვოს.

გამოცდილ სპეციალისტს ტურინის „იუვენტუსს“ უკავშირებენ. ასევე, მისი კანდიდატურა „მილანშიც“ განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ კონტეს ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი ჯერ კიდევ აკავშირებს, გუნდის შესაძლო დატოვების საკითხი სერიოზულად განიხილება.

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ცნობით, თუ კონტე გუნდიდან წასვლას გადაწყვეტს, „ნაპოლის“ სიაში მოხვდებიან „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო იტალიანო და მასიმილიანო ალეგრი, რომელიც ამჟამად უმუშევარია. აღსანიშნავია, რომ ალეგრის კარგად იცნობს „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა, ისინი ერთად მუშაობდნენ „იუვენტუსში“.

კონტემ „ნაპოლი“ 2024 წლის ზაფხულში ჩაიბარა, თუმცა აურელიო დე ლაურენტისთან ურთიერთობა, როგორც ჩანს, დაძაბულია. ურთიერთობის გაფუჭების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვა და ის ფაქტი, რომ იანვარში მისი შემცვლელი გუნდმა ვერ შეიძინა.