ანტონიო გუტერეში მოკავშირეებს მოუწოდებს, განაახლონ პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს დაფინანსება
ანტონიო გუტერეში მოკავშირეებს მოუწოდებს, განაახლონ პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს დაფინანსება

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მოკავშირეებს მოუწოდებს, განაახლონ პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს დაფინანსება. ანტონიო გუტერეში პირობას დებს, რომ პასუხისგებაში მიეცემა სააგენტოს ყველა ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ისრაელზე „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმასთან კავშირშია.

გენერალური მდივნის განმარტებით, 12 ეჭვმიტანილიდან ცხრას სააგენტომ კონტრაქტი შეუწყვიტა, ერთი პირი გარდაცვლილია, ხოლო ორის შესაძლო კავშირის გადამოწმება მიმდინარეობს.

ანტონიო გუტერეში მოკავშირეებს ახსენებს, რომ პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოში ათასობით ადამიანი მუშაობს, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად სახიფათო პირობებში იმყოფებიან და დაფინანსების შეწყვეტით ისინი არ უნდა დაისაჯონ.

მას შემდეგ, რაც პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ისრაელის ხელისუფლებამ ინფორმაცია მიაწოდა ზოგიერთი თანამშრომლის 7 ოქტომბრის თავდასხმასთან კავშირის შესახებ, აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, იტალიამ, ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ, ფინეთმა, ავსტრალიამ და კანადამ ამ ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერეს, ისრაელმა კი სააგენტოს დირექტორის გადადგომა მოითხოვა.