ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ გაერო აშშ-სა და ევროკავშირთან მუშაობს გლობალურ ბაზარზე რუსული პროდუქციის გასატანად, რომელიც სანქციებს არ ექვემდებარება
ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ გაერო აშშ-სა და ევროკავშირთან მუშაობს გლობალურ ბაზარზე რუსული პროდუქციის გასატანად, რომელიც სანქციებს არ ექვემდებარება

გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, გაერო აშშ-სა და ევროკავშირთან მუშაობს ბაზარზე რუსული პროდუქციის გასატანად, რომელიც სანქციებს არ ექვემდებარება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი” ავრცელებს.

ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, გაერო-ს შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შედეგად უკრაინიდან უკვე 650 ათასი ტონა მარცვლეულის და სხვა უკრაინული პროდუქციის გატანა მოხერხდა.

„ამ შეთანხმების მეორე ნაწილი წარმოადგენს გლობალურ ბაზარზე რუსულ საკვებსა და სასუქებზე შეუფერხებელ წვდომას, რომლებიც არ ექვემდებარება სანქციებს”, – განაცხადა გუტერეშმა.

გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დააწესეს რუსეთის წინააღმდეგ, მკაფიოდ განაცხადეს, რომ შეზღუდვები არ გავრცელდება საკვებზე და სასუქებზე.

„არის გარკვეული დაბრკოლებები და სირთულეები, რომელთა გადალახვაა საჭირო, რომლებიც დაკავშირებულია გადაზიდვებთან, დაზღვევასთან, ფინანსებთან”, – აცხადებს გენერალური მდივანი.

გუტერეშმა განაცხადა, რომ გაერო ვაშინგტონთან და ევროკავშირთან მუშაობს ამ დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად.

„უკრაინიდან და რუსეთიდან მეტი საკვებისა და სასუქის გამოტანა გადამწყვეტია ბაზრის შემდგომი დამშვიდებისა და მომხმარებლებისთვის ფასების შესამცირებლად“, – განაცხადა გუტერეშმა.