ანტონიო ენრიკო ბარტოლი - მაქსიმალურ წვლილს შევიტანთ, რომ ევროპელმა და იტალიელმა ტურისტებმა მოინახულონ საქართველო, ეს ლამაზი ქვეყანა
ანტონიო ენრიკო ბარტოლი - მაქსიმალურ წვლილს შევიტანთ, რომ ევროპელმა და იტალიელმა ტურისტებმა მოინახულონ საქართველო, ეს ლამაზი ქვეყანა

ჩვენ განვიხილეთ ტურიზმის პერსპექტივა იმ პოლიტიკურ და საერთაშორისო მოვლენების დროს, რაც ამჟამად ხდება ქვეყანაში, – ამის შესახებ  საქართველოში იტალიის ელჩმა, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილისა და საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაზე დიპლომატიურ კორპუსს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში ტურიზმის სექტორში არსებულ ვითარებაზე და მიმდინარე გამოწვევებზე.

„ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ხაზს უსვამს, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა. მე ვგულისხმობ იმას, რომ აქ არის დემოკრატია, რაც გამოიხატება იმაში, რომ აქ იმართება დემონსტრაციები, ისევე როგორც სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში. ასევე, ჩემი აზრით, ზოგჯერ კარგი რაღაცეები სწორედ ცუდი რაღაცეებისგან გამომდინარეობს და განვითარებული მოვლენები არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომ მოხდეს ტურიზმის წყაროების დივერსიფიკაცია. ტურიზმი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა ამ ქვეყნისთვის. საქართველოს აქვს წარმოუდგენელი პოტენციალი, რადგანაც ის არის მშვენიერი ქვეყანა“, – განაცხადა საქართველოში იტალიის ელჩმა.

ამასთან, მან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იტალიის ქალაქების მიმართულებით ახალი ავიარეისების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„ჩვენ ვართ ძალიან მოხარული, რომ თორმეტი მიმართულება იქნა ახლახანს დამატებული ქუთაისის აეროპორტიდან, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ცენტრში და თორმეტიდან სამი მათგანი არის იტალიაში: ვენეცია, ნეაპოლი და პიზა. სრულდება რომით, მილანითა და ბარით. ასე რომ, მეტი კავშირები, მეტი სწორი კავშირები, გაუმარტივებს ევროპელ და იტალიელ ტურისტებს, რომ მოინახულონ ეს ლამაზი ქვეყანა და ჩვენ ამაში მაქსიმალურ წვლილს შევიტანთ“, -განაცხადა საქართველოში იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

დიპლომატიურ კორპუსთან გამართული შეხვედრისა და ელჩების კომენტარების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.