ანტონ პლესნოის ვერცხლი და ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან - ბათუმი 2019 [ფოტო]
ანტონ პლესნოის ვერცხლი და ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან - ბათუმი 2019 [ფოტო]

ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მორიგი მედლები ანტონ პლესნოიმ მოუტანა. 22 წლის ნატურალიზებულმა უკრაინელმა, რომელიც უკვე ორი წელია საქართველოს მოქალაქეა, 96 კილოგრამი წონითი კატეგორიაში ასპარეზობა ატაცის ვერცხლის და ორჭიდის ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

პლესნოიმ პირველ ცდაზე 165 კილოგრამი აიტაცა. მეორე ცდაზე ძელის სიმძიმემ 170 კილოგრამი შეადგინა რაც 23-წლამდელთა შორის ევროპის რეკორდის გამეორება იყო და ანტონმა ეს სიმძიმეც წარმატებით დაძლია. მთავრი წარმატების დრო კი ატაცის ბოლო ცდაზე დადგა. ჯერ ეს რეკორდი უკრაინელმა პიროჰოვმა მოხსნა, რომელმაც 171 კილოგრამი დაიმორჩილა, თუმცა აქედან ორ წუთში პლესნოიმ ორი კილოგრამით მეტი – 173 აიტაცა და ამ დისციპლინის ვერცხლის მედალსაც დაეუფლა. საბოლოოდ პლესნოის რეკორდი ბელორუსმა ეუჰენი ციკაცოვმა მოხსნა (178 კგ.) და ატაცში ოქროს მედალიც მან აიღო.

აკვრა საქართველოს ნაკრების წევრმა 198 კილოგრამით დამაჯერებლად დაიწყო. მეორე მცდელობისთვის 204 კილოგრამი შეუკვეთა, სიმძიმე ასწია თუმცა წონა დაფიქსირებულად არცერთმა მსაჯმა არ ჩათვალა. იგივე წონა მესამე მისვლაზე პლესნოიმ უკვე კითხვის ნიშნების გარეშე დაძლია და საბოლოოდ აკვრა მეოთხე, ხოლო ორჭიდი, ჯამში დაგროვილი 377 კილოგრამით მესამე ადგილით და შესაბამისად ბრინჯაოს მედლით დაასრულა.  ამ წონით კატეგორიაში სამივე ოქროს მედალი, ატაცის (178 კგ.), აკვრისა (222 კგ.) და ორჭიდის (400 კგ.) 23-წლამდელთა შორის ევროპის რეკორდებით, ეუჰენი ციკაცოვმა მოიგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ევროპირველობაზე უკვე რვა მედალი აქვს. პლესნოიმდე სამი მედალი რევაზ დავითაძემ (89. კგ) აიღო, რომელმაც ატაცში ოქრო, აკვრასა და ორჭიდში კიბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. აკვრაში ოქროს მედალი შოთა მიშველიძემ (61 კგ.) აიღო. ასევე აკვრაში ვერცხლი, ორჭიდში ბრინჯაო კი გოგა ჩხეიძეს (67 კგ.) ერგო.

ბათუმი 2019-ზე მედლებისთვის ხვალ კიდევ სამი ქართველი იბრძოლებს. 09:00 საათზე 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძე იასპარეზებს. 17:30 საათზე კი ტურნირის კულმინაცია დაიწყება და მედლებსა და რეკორდებს ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე შეუტევენ.