ლაბორატორიის დირექტორი - ანტიტერორისტული ოპერაციისას დაზიანებული ბინები რემონტს ექვემდებარება
ლაბორატორიის დირექტორი - ანტიტერორისტული ოპერაციისას დაზიანებული ბინები რემონტს ექვემდებარება

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაზიანებული კორპუსი მდგრადია, კორპუსი ავარიული არ არის, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დირექტორმა ლაშა სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ექსპერტებმა კორპუსი დეტალურად შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ გამაგრების სამუშაოები მხოლოდ გადახურვას დასჭირდება.

„ძირითადად, დაზიანებულია პირველი სამი სართულის ხუთი ბინა, პლუს ორი ბინა არის უმნიშვნელოდ დაზიანებული. აქ დაშლილია ტიხრები და ისინი თავიდან ბოლომდეა აღსადგენი.

ამ ხუთ ბინაში შეინიშნება ცეცხლის კვალი და იქაურობა დამწვარია. დაზიანებულია საკედლე ტიხრები. დაზიანებულია გადახურვის ნაწილი და საკედლე ბლოკის თავზე რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია ზღუდარა.

უშუალოდ კორპუსს რაც შეეხება, ის 80-იან წლებშია აშენებული და კორპუსი მდგრადია. მანამდე ლოკალურად იყო დაზიანებული კორპუსზე გადახურვის პარაპეტები, რომლებიც უნდა შეკეთდეს. დანარჩენ სართულები საცხოვრებლად ვარგისია.

ჩვენმა სპეციალისტებმა კორპუსი შეისწავლეს დეტალურად და იქ რაიმე ავარიულობის ნიშანი არ არის. გამაგრების სამუშაოები დასჭირდება მხოლოდ ლოკალურად გადახურვის პარაპეტებს. ეს საშიში არ არის.

რაც შეეხება სადარბაზოს, იქ ამ შემთხვევის შედეგად არანაირი დაზიანება არაა. ის ბინები, სადაც ეს ფაქტი მოხდა, ამ მომენტისთვის საცხოვრებლად უვარგისია, თუმცა აღდგენასა და რემონტს, რა თქმა უნდა, ექვემდებარება“, – განაცხადა ლაშა სამხარაძემ.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაცია 22 ნოემბერს სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.

ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია სამი პირი, მათ შორის არის აჰმედ ჩატაევი. ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი.