ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაზიანებული ავტომობილები მეპატრონეებს დაუბრუნეს (ფოტო)
ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაზიანებული ავტომობილები მეპატრონეებს დაუბრუნეს (ფოტო)

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სულ 28 ავტომობილი დაზიანდა. ყველა მათგანი ამ დრომდე ექსპერტიზაზე იყო გადაყვანილი.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან იუწყება, დაზიანებული ავტომობილები მეპატრონეებს დღეს დაუბრუნეს.

როგორც თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანის ამბობს, უახლოეს პერიოდში, ავტომობილების აღწერა დასრულდება და მათი მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია ცნობილი იქნება. მისი თქმით, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მიყენებულ ნებისმიერ ზიანს სახელმწიფო აანაზღაურებს.

„როგორც ხედავთ, ახლა ხდება შესაბამისი სამსახურების მხრიდან მფლობელებისთვის მანქანების დაბრუნება. უახლოეს პერიოდში გვექნება ამ მანქანების აღწერა და მათი მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია. ჩვენ რამდენჯერმე უკვე ვთქვით, რომ ამ ოპერაციის ფარგლებში მიყენებულ ნებისმიერ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო.

რაც შეეხება მოსახლეობას, თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ დაასრულა შემოწმების სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხოა, შესაბამისად, იმ ბინებში, რომლებიც დაზიანებული არ არის, მოსახლეობა ეტაპობრივად დაიწყებს გადმოსვლას შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ.

რაც შეეხება დაზიანებულ ბინებს, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დანარჩენი მოქალაქეებიც შეძლებენ გადმოსვლას“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაცია 22 ნოემბერს სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.

ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია სამი პირი, მათ შორის არის აჰმედ ჩატაევი. ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი.