ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი დააკავეს
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ინვესტორს 4 000 ლარის სანაცვლოდ, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში და უჩამბის თემში მდებარე ორი ობიექტის იჯარის ხელშეკრულების გასაფორმებლად აუქციონზე გატანას და შემდგომში სამსახურებრივი მფარველობის გაწევას დაჰპირდა.

„დაპირებისამებრ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში არსებული ობიექტი მისი უშუალო ჩართულობით გატანილ იქნა აუქციონზე, რომელშიც გაიმარჯვა ზემოაღნიშნულმა ინვესტორმა. იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი 2 500 ლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.