ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მომსახურების სამმართველოს უფროსი დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ შევიდა დიდი ბრიტანეთის მიერ ძებნილი და ინტერპოლის სამდივნოს ერთიან ბაზაში გატაცებულად რეგისტრირებული სამი ერთეული ავტომანქანა. მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების სამმართველოს უფროსისთვის ცნობილი იყო ინფორმაცია ძებნილი ავტომანქანების შესახებ, მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და პირადი მოტივით, უგულვებელყო ავტომანქანების შეჩერებისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინების ვალდებულება, სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს საბაჟო საზღვარზე დაადეკლარირა იმპორტის რეჟიმში და გადასცა დაინტერესებულ პირებს, რითაც ხელი შეუწყო ძებნილი ავტომანქანების თავისუფალ ბრუნვაში მოქცევას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შემდგომ გასხვისებას.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს.