ანტიკორუფციული ღონისძიებების სამუშაო ჯგუფმა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნასა და უწყებებს შორის ეფექტიან კოორდინაციაზე იმსჯელა
ანტიკორუფციული ღონისძიებების სამუშაო ჯგუფმა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნასა და უწყებებს შორის ეფექტიან კოორდინაციაზე იმსჯელა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესრულების ფარგლებში ანტიკორუფციულ ღონისძიებებზე მუშაობს, მორიგი შეხვედრა გამართა.

კომიტეტის თავმჯდომარისა და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სხდომაზე გაიმართა მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რამდენად არის მოაზრებული 12-პუქტიან გეგმაში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის იდეა.

„ამ საკითხზე ჩვენ მოვისმენთ სამოქალაქო საზოგადოების, კერძოდ კი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლის ხედვა. მისი მოსაზრებით, 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში კარგი იქნებოდა სააგენტოს შექმნა და მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ როგორი იქნება კომპლექტაცია და როგორი იქნება სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის კვორუმი. ოპოზიციის ცალკეულმა წარმომადგენლებმა დააფიქსირეს განსხვავებული ხედვა. მათი მოსაზრებით, აუცილებელია შეიქმნას სააგენტო, რაც აპრიორი უნდა ნიშნავდეს იმას, რომ 2/3-ით უნდა მოხდეს სააგენტოს ხელმძღვანელის არჩევა, სხვა შემთხვევაში კი, ასეთი სააგენტოს შექმნის იდეას აზრი არ აქვს.

ჩვენ დავსვით საკითხი, რომ 12-პუნქტიან გეგმაში არსად წერია, რომ აპრიორი უნდა შეიქმნას ახალი სააგენტო და მით უმეტეს, რომ სააგენტოს ხელმძღვანელი უნდა აირჩეს 2/3-ით. ამასთან დაკავშირებით არ არსებობს კონტრ-პასუხი, ვინაიდან ესეთი იდეა ჩადებული რომ ყოფილიყო 12-პუნქტიან გეგმაში, აუცილებლად იქნებოდა სწორება სააგენტოს ხელმძღვანელის არჩევაზე 90 ან 100 ხმით“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ასევე გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი გამოწვევა კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით არის უწყებებს შორის კოორდინაცია, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი კოორდინაციაა საჭირო, კიდევ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო პრევენციაზე და შესაძლებელია, კორუფციასთან ბრძოლაში სისხლის სამართლის კონკრეტული შემადგენლობების გადახედვა, სანქციების გადახედვა იყოს, ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი.

„ამ მიმართულებით ჩვენ ვთხოვეთ კონკრეტულ უწყებებს, რომ წარმოადგინონ მათი ხედვა გამოწვევებთან მიმართებაში. ჩვენც, „ქართული ოცნების“ გუნდი ამ მიმართულებასთან დაკავშირებით ჩვენ ხედვას წარმოვადგენთ. მთლიანობაში იკვეთება ორი მიმართულება. ერთი, შეიქმნას სააგენტო ან მეორე გაძლიერდეს კოორდინაცია კორუფციასთან ბრძოლის, გაძლიერდეს პრევენციასთან ორიენტირებული ღონისძიებებზე მუშაობა და გაძლიერდეს სამართლებრივი რეაგირების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება.

მომდევნო შეხვედრაზე გაგრძელდება დისკუსიას ამ მეორე მოდელზე  და ამის შემდეგ შევაჯერებთ საბოლოოდ პოზიციებს, თუ რომელი მიმართულებით გადაიხრება საბოლოოდ სამუშაო ჯგუფი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების წევრები, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და სამოქალაქო საზოგადოების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) წარმომადგენლები.

სამუშაო ჯგუფის საქმიანობას მონიტორინგს უწევენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

გეგმის თანახმად, კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 19 ოქტომბრისა, ხოლო მიღება არაუგვიანეს 2022 წლის პირველი დეკემბრისა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.