ანტიფეიკი - საქართველოს პირველი არხის ახალი პროექტი

დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ყალბი ამბის გავრცელება ეპოქის გამოწვევაა, საქართველოს პირველმა არხმა შექმნა ახალი პლატფორმა – antifake.ge.

ვებგვერდის მიზანია, პასუხი გასცეს მოქალაქეების შეკითხვას ნებისმიერი ინფორმაციის ნამდვილობის შესახებ. დღეიდან თითოეულ მოქალაქეს შეუძლია, გამოაგზავნოს მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ინფორმაცია და ჩვენგან მიიღოს გადამოწმებული, ფაქტებით გამყარებული, დასაბუთებული პასუხი, რომელიც ამავე ვებგვერდზე აიტვირთება.

ახალ პლატფორმაზე ამბები ოთხ ქვეკატეგორიაში განთავსდება: სიმართლე, დიდწილად სიმართლე, სიყალბე და აბსურდი. ყველაზე უსაფრთხო მედიამ, საქართველოს პირველმა არხმა ახალ ვებგვერდზე დეველოპერებთან ერთად მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მუშაობაში ჩართული იქნებიან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტები, პროდიუსერები და ანალიტიკოსები. ვებგვერდზე antifake.ge ნებისმიერი ახალი ამბავი განთავსდება, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს და კითხვის ნიშნებს აჩენს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ განაცხადა, ყალბი ამბავი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში.

„ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ყალბი ამბავი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, თანამედროვე საზოგადოებისთვის სერიოზულ პრობლემასა და გამოწვევას წარმოადგენს როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. ცხადია, ეს არის გამოწვევა, რომელსაც არ შეიძლება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ადეკვატური პასუხი არ გასცეს და არ დადგეს საზოგადოების სამსახურში იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია ამა თუ იმ ამბის ნამდვილობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

დატოვე კომენტარი